გიორგი შარაშიძე: ახალაიას წარსულიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობაა ხალხის ნაწილმა დაიჯეროს, რომ დანაშაული მართლა ჰქონოდა ჩადენილი, თუმცა არც ისაა გამორიცხული, „ოცნება“ ამას საკუთარი მიზნებისთვის იყენებდეს

გიორგი შარაშიძე

ვინმე თუ იყო დაინტერესებული 4 ოქტომბრის პროვოკაციის ასე დასრულებაში, უპირველესად ეს იყო „ოცნება“, სხვა ყველა დანარჩენი, რაც წარმოგვიდგინა სუს-მა ბრიფინგზე, ეს შეიძლება, რაღაცას ნიშნავდეს ან არც ნიშნავდეს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბაჩო ახალაია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური რეჟიმის ერთ-ერთი სახე.

„თუ ვინმე იყო დაინტერესებული 4 ოქტომბრის პროვოკაციის ასე დასრულებაში, უპირველესად ეს იყო „ოცნება“. შესაბამისად, სხვა ყველა დანარჩენი, სატელეფონო საუბრების დრო და რაც წარმოგვიდგინა სუს-მა ბრიფინგზე, ეს შეიძლება, რაღაცას ნიშნავდეს ან არც ნიშნავდეს. გასაგებია, რომ ბაჩო ახალაიას წარსულიდან გამომდინარე, გაცილებით მაღალი ალბათობაა ხალხის დიდმა ნაწილმა დაიჯეროს, რომ მართლა შეიძლება ეს დანაშაული ჰქონოდა ჩადენილი. ამავე დროს, არც ისაა გამორიცხული, რომ ამას „ოცნება“ საკუთარი მიზნებისთვის იყენებდეს. კარგად იცით, მათ შორის, „ოცნების“ რიგებში და მათ მხარდამჭერებში არ არის სრული აღფრთოვანება, თუ როგორ მოხდა ყოფილი ნაცების ხელით, ანუ სუს-ის მეშვეობით, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავება“, – განაცხადა შარაშიძემ.

როგორც შარაშიძემ აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში გარკვეული პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება.

„სხვათა შორის, გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის 2011 წლის ვიდეო, როდესაც ის დაახლოებით ასეთ სიტყვებს ამბობს: ,,ყველას დაიჭერენ, ვისაც უნდა დაიჭერენ, როცა უნდა დაიჭერენო”, – „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამბობს. ამ ინტერვიუს რომ უყუროთ და არ იცოდეთ როდისაა ჩაწერილი, ნამდვილად იფიქრებდით რომ ეს დღევანდელია. ეს ყველაფერი, რაც დღეს საქართველოსი ხდება, ერთი ერთში ჰგავს იმას რაც 2012 წლამდე ხდებოდა. ეს არის ყველაზე მძიმე რეალობა. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ პროცესში გარკვეული პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება. რაც ვიხილეთ 4 ოქტომბერს, ეს იყო უპასუხისმგებლო პროვოკაცია და ამიტომაც მიგვაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი ვერ გაგრძელდება, ვიდრე ყველას და ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა. ვიდრე შეცდომას შეცდომა არ დაერქმევა, ხოლო დანაშაულს დანაშაული.

ბაჩო ახალაია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური რეჟიმის ერთ-ერთი სახე და იმ დავალებების ერთ-ერთი შემსრულებელი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მიიღებოდა. ამიტომაც ვამბობ, არ გამიკვირდება, რომ ეს ასე იყოს როგორც სუს-ი საუბრობს და არც ის გამიკვირდება, რომ ამას „ოცნება“ საკუთარი მიზნებისთვის იყენებდეს“, – განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა.