გიორგი კახიანი: ბატონი გვარამიას დაკავების შემთხვევაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. მან ძალიან კარგად იცოდა რა შედეგი მოჰყვებოდა იმ მოქმედებას, როგორიც თავად განახორციელა - გირაოს გადაუხდელობას, რომ პატიმრობა მოჰყვებოდა

 გიორგი კახიანი

ბატონი გვარამიას დაკავების შემთხვევაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. მან ძალიან კარგად იცოდა რა შედეგი მოჰყვებოდა იმ მოქმედებას, როგორიც თავად განახორციელა - გირაოს გადაუხდელობას, რომ პატიმრობა მოჰყვებოდა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.

მისი თქმით, ისევე როგორც ნიკა გვარამიამ, სხვა პოლიტიკოსებმაც, ვინც გირაო არ გადაიხადეს იცოდნენ რა სამართლებრივი შედეგი დადგებოდა.

გიორგი კახიანის განცხადებით, მათ ჰქონდათ არჩევანის საშუალება და პატიმრობა არჩიეს.

„ბატონი გვარამიას დაკავების შემთხვევაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. იმიტომ, რომ მსგავსი რამ ადრეც მოხდა სხვა პოლიტიკოსებთან მიმართებაში. მან ძალიან კარგად იცოდა რა შედეგი მოჰყვებოდა იმ მოქმედებას, როგორიც თავად მან განახორციელა. მიზეზი მისი დაკავების არის ის, რომ როდესაც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ იგი მოიწვია საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, იგი არ გამოცხადდა. კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება ეს მოქმედება. ჩვენი ხელისუფლების დროს არ ყოფილა ეს ნორმა მიღებული. ეს ნორმა მოქმედება მანამდეც და საკმაოდ დიდი ხანია მოქმედებს და ზოგადად ეს ყველამ იცის, რომ საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის არ შესრულება ეს არის დანაშაულებრივი ქმედება.

პოლიტიკურად თუ შევხედავ, რატომ არ უნდა მოდიოდნენ პოლიტიკოსები საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სიმართლე არის ის, რომ მათ აშინებთ ის კითხვები, რომელიც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მათ წინაშე დაისმება. როდესაც ადამიანი მართალი ხარ, პირიქით, შენთვის ალბათ ხელსაყრელიც უნდა იყოს ისეთ ფორმატში წარდგენა საზოგადოების წინაშე და თქვენ იცით, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომების საჯაროა ხომ და მისი ტრანსლირება ხდება და პირიქით საზოგადოებას შენი სიმართლის შესახებ კიდევ ერთხელ შეგიძლია ესაუბრო. მაგრამ ის მძიმე ცოდვები, რაც პოლიტიკოსებს ზურგზე აწევთ, ბუნებრივია მათ ზღუდავს ყველაფერ ამაში და ძალიან კარგად იციან, რომ იქ მისვლა მათთვის პოლიტიკურად ძალიან მძიმედ დასრულდება.

რაც შეეხება სამართლებრივი ნაწილს, სამართლებრივად საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა ეს არის დანაშაულებრივი ქმედება. სასამართლო მისცა არჩევანის შესაძლებლობა ამ პოლიტიკოსებს, რომ ან გადაეხადათ გირაო ან წინააღმდეგ შემთხვევაში გადაუხდელობას მოჰყვებოდა პატიმრობა. ანუ არჩევანის გაკეთება მათზე იყო დამოკიდებული. ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გამოიყენა ეს შესაძლებლობა, გადაიხადეს გირაო და ისინი ჩვეულებრივად აგრძელებენ თავის პოლიტიკურ საქმიანობას. მაგრამ ვინც ჩათვალა, რომ გირაოს გადახდა არ იყო მათთვის მიზანშეწონილი, მათ აპრიორი ისიც იცოდნენ, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში მათ წინაშე გამოყენებული იქნებოდა პატიმრობა.

არ არაფერი გასაკვირი არ არის, არც მოულოდნელი არ არის. საზოგადოებაც ეს ყველაფერი ძალიან მარტივად აღიქვა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.