1751921238
გიორგი ჩაკვეტაძე რუსთავში საგამოცდო ცენტრს ესტუმრა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე რუსთავის მე-15 საჯარო სკოლას ეწვია და საგამოცდო პროცესს გაეცნო.
გიორგი ჩაკვეტაძემ საგამოცდო სივრცეები დაათვალიერა და საგამოცდო ცენტრის პერსონალს გაესაუბრა.
„მნიშვნელოვანია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წელსაც განსაკუთრებულად მობილიზებული ხვდება როგორც ერთიან ეროვნულ, ასევე სხვა გამოცდებს. ოცდაოთხივე საგამოცდო ცენტრის ინფრასტრუქტურა მზად არის იმისათვის, რომ გამოცდებმა შეუფერხებლად ჩაიაროს. საგამოცდო ცენტრების ოთახები აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და პერსონალი მზად არის, განახორციელოს გამოცდებთან დაკავშირებული ყველა პროცესი“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აბიტურიენტებს და იმ პედაგოგებს, რომლებიც გამოცდებზე გადიან, წარმატება უსურვა.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 ათასზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი 24 300-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.
ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტესტირებით დაიწყო, დღეს კი აბიტურიენტები გამოცდებს უცხო ენებში ჩააბარებენ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.