გია ვოლსკი: საქართველოს ისეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომ აშშ-ის ინტერესები დაზიანებულიყო, საქართველოს ხელისუფლება არ შეესაბამება იმ დახასიათებას, რომელიც ზოგიერთი სენატორისგან გავიგეთ

გია ვოლსკი

საქართველოს ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომელიც ზედმიწევნით შეესაბამება იმ ინტერესებს, პოლიტიკას, სტრატეგიას და ხედვას, რომელიც ამერიკის ახალ ადმინისტრაციას აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა ამერიკელი სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის ბოლო ნაბიჯები, ვიდრე ურთიერთობის გადახედვაზე გადაწყვეტილებას მიიღებს“.

გია ვოლსკის თქმით, საქართველოს ისეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომ საქართველოში აშშ-ის ინტერესები დაზიანებულიყო.

„ახალი ადმინისტრაცია რომც არ მოსულიყო, საქართველოს ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლებული არც ერთი ნიშნით არ შეესაბამება იმ დახასიათებას, რომელიც ზოგიერთი სენატორისგან გავიგეთ. საქართველოს ისეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომ საქართველოში აშშ-ის ინტერესები დაზიანებულიყო. რასაკვირველია, რუსეთს არანაირი ნაბიჯი გადმოუდგამს იმისთვის, რომ საქართველოსთვის რაიმე უპირატესობა მიეცა მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს. ეს არის რეალობა, რომელსაც შეგნებულად არ ითვალისწინებენ საქართველოს წინააღმდეგ ამხედრებული ადამიანები, მათ შორის ეს კონკრეტული სენატორები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.