გია ცაგარეიშვილი: ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველას გავაგონოთ ჩვენი სიმართლე - შინაურსაც და გარეულსაც. ამ ნაბიჯებით გავაგრძელებთ სვლას მიზნისკენ

გია ცაგარეიშვილი

დიალოგი გახსნილია და გაგახსენებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომელიც თავშივე გაჟღერდა, როცა დავაინიციირეთ გამჭვირვალობის კანონპროექტი - მან მოიწვია სასაუბროდ ამ ქვეყანაში აკრედიტებული ელჩები, - ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტები კანონთან დაკავშირებით მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ, მმართველი გუნდი კი მუშაობს იმაზე, რომ ყველას გააგონოს სიმართლე.

„სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს უჭირს სიცრუის ნაკადში სიმართლის დაჭერა, აღმოჩენა და კონცენტრირება ამ სიმართლეზე. ეს სამწუხაროა, მაგრამ ზუსტად ვიცოდით, რომ ეს სიცრუის ნაკადი მოიმატებდა, მათ შორის ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც და, ბუნებრივია, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველას გავაგონოთ ჩვენი სიმართლე - შინაურსაც და გარეულსაც. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაგრძელებთ და ამ ნაბიჯებით გავაგრძელებთ სვლას მიზნისკენ“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.