ფიზიკური ანგარიშსწორება თბილისის ქუჩებში - დიმიტრი ჩიქოვანზე, გია ჯაფარიძესა და ლაშა ღვინიანიძეზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება გრძელდება

აქცია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიმიტრი ჩიქოვანზე, გია ჯაფარიძესა და ლაშა ღვინიანიძეზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება გუშინვე დაიწყო. მინისტრი ამბობს, რომ მომხდარის გარემოებებზე წინასწარ ვერ ისაუბრებს და ყველაფერს გამოძიება დაადგენს. ვახტანგ გომელაურის თქმით, ყველანაირი ძალადობა მიუღებელია და ის თანაბრად დასაგმობია ყველას მხრიდან.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ზურაბ ჯაფარიძის ძმას, გია ჯაფარიძესა და 11 მაისს დაგეგმილი მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს - ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად უცნობი პირები გუშინ საღამოს გაუსწორდნენ. სამივე მათგანი, სხვადასხვა სახის დაზიანებებით, კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარის დეტალებზე დაზარალებულმა მედიასთან თავადვე ისაუბრეს და თავდასხმა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასეს.

დაწყებულ გამოძიებას წინასწარ უცხადებს უნდობლობას ოპოზიცია. მათ შორისაა ზურა ჯაფარიძეც, რომელიც ფიზიკურ ძალადობას ორგანიზებულ თავდასხმას უწოდებს. კომენტარი მან დღეს კლინიკასთან გააკეთა, სადაც საკუთარი ძმის მოსანახულებლად იმყოფებოდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობას სრულად ხელისუფლებას აკისრებს "ნაციონალური მოძრაობაც" და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. ისინი მოძალადეების დასჯის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოხდება.

პოლიტიკურ თავდასხმაზე საუბრობს ოპოზიციონერი გიორგი მუმლაძეც. აცხადებს, რომ მას ფიზიკურად 4 პირი დაუპირისპირდა. შემთხვევა დღეს მარნეულში მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ონიანი კი ამბობს, რომ უცნობი პირები ღამით მის სახლთანაც იმყოფებოდნენ.

ყველანაირი ძალადობა მიუღებელია და ამას ყველა უნდა გაემიჯნოს - აცხადებენ სახელისუფლებო გუნდში, სადაც მიაჩნიათ, ძალადობრივ ქმედებებს ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და მათი ოპონენტების განცხადებები ახალისებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტები, პირველ რიგში სწორედ ხელისუფლების ინტერესებს აზიანებს.

მომხდართან დაკავშირებით დღეს ერთობლივი განცხადება გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც, რომელთაც თქვეს, რომ მზად არიან დაზარალებულებს სამართლებრივი დახმარება გაუწიონ.

მმართველი პარტია ყველას მოუწოდებს, წინასწარი შეფასებებისგან თავი შეიკავოს. "ქართული ოცნება" ოპონენტების ბრალდებებს ბრალდებებითვე პასუხობს. ამბობენ, რომ ოპოზიციის გარკვეული ჯგუფი "ქართული ოცნების" დისკრედიტაციისთვის ყველა საშუალებას იყენებს.

ფიზიკური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა. ომბუდსმენი მყისიერი და ეფექტური გამოძიების აუცილებლობაზე მიუთითებს.