ფაქტია, მათ ძალიან კარგად იციან, რომ კანონი დაირღვა - დაირღვა უხეშად და ირღვევა სისტემურად. ეს სისტემურობა მნიშვნელოვანწილად ასახულია იმ გეგმაში, რომელსაც რევოლუციური გეგმა ჰქვია - გია ვოლსკი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე

გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ დიდმა ბრიტანეთმა ძალიან კარგად იცის, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან კანონი უხეშად დაირღვა.

ვოლსკის განმარტებით, თუ ბრიტანეთი მათ დაკავებას არ აანალიზებს იმ კუთხით, რომ სახელმწიფო კანონს ასრულებს, მაშინ მათი განცხადებები მიკერძოებულია და გარკვეულ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება.

"ბრიტანეთი არის ერთ-ერთი გამორჩეული ევროპული ქვეყანა, სადაც კანონი ნებისმიერ შემთხვევაში აღსრულდება, რა პოლიტიკური შეფასებაც არ უნდა მიეცეს ამ თემას გარედან. ფაქტია, მათ ძალიან კარგად იციან, რომ კანონი დაირღვა. დაირღვა უხეშად და ირღვევა სისტემურად. ეს სისტემურობა მნიშვნელოვანწილად ასახულია იმ გეგმაში, რომელსაც რევოლუციური გეგმა ჰქვია. ასე რომ, თუ სახელმწიფო კანონს ასრულებს, საქართველო იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა, სწორედ ამ კუთხით უნდა გაანალიზდეს. თუკი ამ კუთხით არ ანალიზდება, რასაკვირველია, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს გარკვეულ პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან ან პოლიტიკურ მიზანთან, რომელიც სამწუხაროდ, მათ შორის, ბრიტანეთის გარკვეულ მმართველობის სტრუქტურას გააჩნია. როდესაც თვითონ ფაქტები, მოქმედება, განცხადებები, თუნდაც ელჩის მოვალეობის შემსრულებლის დაბარება კანონის აღსრულებისათვის კვლავ მიმდინარეობს, რასაკვირველია, ამ ეჭვებს თავისი საფუძვლები გააჩნია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.