„ეს ყველაფერი არის რადიკალური ოპოზიციის გაუწონასწორებელი ქმედებებით გამოწვეული“ - რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე

„ეს ყველაფერი არის რადიკალური ოპოზიციის გაუწონასწორებელი ქმედებებით გამოწვეული შედეგი და, პირველ რიგში, მინდა, მოვუწოდო სწორედ ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, იყვნენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები. ისინი უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად – ვგულისხმობ პოლიტიკურ ლიდერებს, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო არ დაუშვებს საზოგადოებრივი და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის რაიმე სახის საფრთხის შექმნას“, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დღეს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა გამჭვირვალობის კანონზე და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ის სრულ თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციასა და ევროპულ ღირებულებებთან:

„ეს ყველაფერი ეფუძნება დემოკრატიას და დემოკრატიის გამჭვირვალობას და თუკი ვინმე ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე უარს ამბობს საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობაზე, ეს არის მათი პრობლემა, მათ აქვთ დასამალი საზოგადოებისგან. ასეთი უაპელაციო განცხადებები, რომ კანონი თითქოსდა არის რუსული, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ვერ იქნება გაზიარებული სახელმწიფოს მიერ“.

რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობას, მით უფრო იმ ქვეყნისათვის, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია.

„სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებებს და შემდგომ პასუხისმგებელია მათ აღსრულებაზე. საზოგადოებას და სახელმწიფოს აქვს სრული ლეგიტიმაცია იმისა, იცოდეს უცხოეთიდან შემოსული დაფინანსების შესახებ და ჰქონდეს ამ საკითხზე სრული ინფორმაცია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და, მით უმეტეს, აქვს სრული უფლება, იცოდეს უცხოეთიდან შემოსული ნებისმიერი დაფინანსების შესახებ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.