დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავს
1762274321
ეს სარჩელი არ ეფუძნება მხოლოდ იმას, რომ ზოგიერთმა პარტიამ უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე, აქ არის ბევრად უფრო მძიმე ბრალდებები, რომლებიც ძირითადად 2003-2012 წლებს და შემდეგ პერიოდს ეხება - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში არის იმის საფუძველი, რომ ამ პარტიას აღარ უწოდო პოლიტიკური პარტია და უწოდო რადიკალური პარტია.
"ეს სარჩელი არ ეფუძნება მხოლოდ იმას, რომ ზოგიერთმა პარტიამ უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე. აქ არის ბევრად უფრო მძიმე ბრალდებები, რომელიც ძირითადად 2003-2012 წლებს ეხება. მაგრამ, შემდგომ წლებში, ასევე ეხება იმას, რომ ისინი აგრძელებდნენ სახელმწიფო ინსტიტუტების სრულად უგულებელყოფას და ლეგიტიმაციის არაღიარებას. ეს ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში არის საფუძველი, რომ ამ პარტიას აღარ უწოდო პოლიტიკური პარტია და უწოდო რადიკალური პარტია. ეს არის ამ პროცესის ანა-ბანა", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების - "ნაციონალური მოძრაობა", "ლელოსა" და "ახალის" აკრძალვის შესახებ სარჩელი გამოაქვეყნა. უწყება ავრცელებს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციურ სარჩელს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სარჩელს პირველი კოლეგია განიხილავს. საკონსტიტუციო სარჩელში საუბარია, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნასა და საქმიანობას, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. სარჩელში საუბარია იმაზეც, რომ პოლიტიკური პარტიის საქმიანობასა და მის აკრძალვასთან დაკავშირებით მსგავსი მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც.