ელჩს შეეძლო, დადებითი როლი შეესრულებინა წინამორბედის მიერ გაფუჭებულ საქმეზე, თუმცა შესაძლებლობა ვერ გამოიყენა, მინდა, პენსიაზე წარმატება ვუსურვო - ზარქუა

ირაკლი ზარქუა

რობინ დანიგანს შეეძლო, დადებითი როლი შეესრულებინა მისი წინამორბედის მიერ გაფუჭებულ საქმეზე, თუმცა ეს შესაძლებლობა საფუძვლიანად ვერ გამოიყენა. მინდა, პენსიაზე წარმატება ვუსურვო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ძალაშია გზავნილი, რომ მზად არის, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.

„საელჩოს განცხადება წავიკითხეთ, რომ დანიგანი პენსიაზე გავიდა. მისი წინამორბედის მიერ გაფუჭებულ საქმეზე, მას შეეძლო, რომ დადებითი როლი შეესრულებინა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა საფუძვლიანად ვერ გამოიყენა. მინდა, პენსიაზე წარმატება ვუსურვო. მგონია, რომ მისია, რაც მას და ზოგადად, ელჩებს აქვთ, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაჯანსაღება და გაუგებრობის აღმოფხვრაა, რაც, სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო. დაველოდებით ახალ ელჩს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ძალაშია. გადატვირთვის პოლიტიკას ველოდებით“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იყო და არის ღია და მკაფიო ყველა პარტნიორისთვის.

„ჩვენი პოზიცია ღია და მკაფიო იყო და არის ყველა პარტნიორისთვის. ვთქვით, რომ საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები, ღირებულებები და ქართველ ხალხს თავისი დაკვეთა აქვს, რომელსაც ვასრულებთ. ყველა სახელმწიფოს მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესები. ეს არის ღირსება, კულტურის, ისტორიისა და ინტერესების პატივისცემა. ტრამპის ადმინისტრაცია სწორედ ამ შემართებით მოვიდა, რომ უპირველეს ყოვლისა იყოს ამერიკის ინტერესები. ასე ვართ ჩვენც. ადმინისტრაციებს შორის ბევრი საერთო გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ამის გადაკვეთა მოხდება. ყოველ შემთხვევაში, მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დაიწყოს. თქვენ გინდათ, მათქმევინოთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ დაემორჩილა საელჩო-ელჩი და იძულებული გახდა, ეს გადაწყვეტილება მიეღო. ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია რა იყო? ჩვენს პრეზიდენტს მიულოცა და მერამდენე დღეა, წერილი არ გამოაქვეყნეს, რაც მათ ავალდებულებთ. გინდათ, ეს მათქმევინოთ, მაგრამ ამას არც დავადასტურებ და არც ვუარყობ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.