ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ პირველი მოსმენით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებების პროექტის მომზადება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სარგებლობაში არსებული ელექტრონული დოკუმენტის საბეჭდი ტექნიკისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიის განახლების აუცილებლობამ განაპირობა. მისი თქმით, დღეისათვის არსებული ტექნიკური უზრუნველყოფა თანამედროვე გამოწვევებს და საერთაშორისო მოთხოვნებს ვეღარ პასუხობს. „კანონის პროექტის მიღების შედეგად, ბიომეტრიული პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტის ტექნოლოგია სრულად უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს და კიდევ უფრო დაცული და უსაფრთხო იქნება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა. მისი განმარტებით, ცვლილება საკანონმდებლო აქტში არსებული ხარვეზის გამოსწორების მიზნით მომზადდა. „ცვლილების შედეგად, ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვის მიზნით, საქართველოს მთავრობას საშუალება მიეცემა შეზღუდოს ან საერთოდ აკრძალოს გარკვეული პროდუქციის ბაზარზე განთავსება ან ვაჭრობა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მთავრობა ისედაც უფლებამოსილია, პროდუქტის განთავსებასთან დაკავშირებით, ცვლილების შემდეგ კი, მას ვაჭრობის ნაწილიც დაემატება.კომიტეტის წევრებმა ასევე იმსჯელეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებზე.

მომხსენებლის, კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, იმ სამეწარმეო საზოგადოებაში, რომელშიც სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს ფლობს, სამეთვალყურეო საბჭოში წარმომადგენლად საჯარო მოსამსახურეა განსაზღვრული, თუმცა კანონი სახელმწიფოს წარმომადგენლად საჯარო მოსამსახურის დანიშვნას არ ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუკი წილობრივი ოდენობა 50% ან მასზე ნაკლებია.

„საქართველოსა და „Eagle Hills“-ს შორის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი გაფორმდა, სადაც საქართველოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ზე ნაკლები ოდენობით განისაზღვრა. იმისათვის, რომ ერთობლივი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში წარმომადგენლად საჯარო მოსამსახურე განისაზღვროს, აუცილებელია, რომ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტის თანახმად, სამართლებრივი საფუძველი გაჩნდება, რომ იმ ერთობლივ საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში, სადაც სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი რაოდენობა 50% ან მასზე ნაკლებია, სახელმწიფოს წარმომადგენლად საჯარო მოსამსახურე განისაზღვროს. კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.