დღეს საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

პარლამენტის შენობა

დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით წარდგება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 27 ივნისს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

„დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“,- აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.