დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით რომში იმყოფება

დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით რომში იმყოფება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სონღულაშვილი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 44-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.

მათივე ცნობით, ასევე დაგეგმილია დავით სონღულაშვილის შეხვედრა FAO-ს გენერალურ დირექტორთან, კუ დონჟუსთან.

„კონფერენცია არის პლატფორმა, სადაც FAO-ს წევრი ქვეყნების მინისტრებს და მაღალი რანგის თანამდებობის პირებს აქვთ შესაძლებლობა, ერთმანეთს გაუზიარონ მოსაზრებები დარგში არსებული გამოწვევების შესახებ და განიხილონ თანამშრომლობის გზები სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში არსებული სირთულეების გადასალახად. 44-ე კონფერენციაზე, რომელსაც FAO-ს წევრი ყველა ქვეყნის (194) წარმომადგენელი და 50-მდე მინისტრი დაესწრება, მთავარი თემა აგროსასურსათო სისტემების არსებული მდგომარეობისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა იქნება. ასევე, გაიმართება თემატური პანელები. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან ერთად, რომში მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე გაემგზავრა“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.