დავით მათიკაშვილი: პრემიერი ამ წერილით შეეცადა დაენახვებინა, თუ უმეტესწილად რამდენად შინაარსს მოკლებულია ის პროტესტი, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება სრულიად გულწრფელად მოეჩვენოთ საზოგადოების კონკრეტულ წევრებს

დავით მათიკაშვილი

პრემიერი ამ წერილით შეეცადა დაენახებინა თუ რამდენად შინაარსს მოკლებულია უმეტესწილად ის პროტესტი, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება სრულიად გულწრფელად მოეჩვენოთ საზოგადოების კონკრეტულ წევრებს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძემ თავის ღია წერილში დეტალურად გაიხსენა ყველა ფაქტი და მოვლენა, რომელიც 2020 წლიდან დღემდე საქართველოში განვითარდა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღია წერილით მიმართა საზოგადოებას და იქ ქრონოლოგიურად, ფილიგრანული სიზუსტით ასახა ფაქტობრივად 4-5 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და ამაში ახალგაზრდების გულწრფელი ნაწილის როლი. ასევე ამ მოვლენების გააზრების და გაანალიზების აუცილებლობა და ის, რომ მის შინაარსს, შიგთავსს აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა, რომელსაც სამწუხაროდ, ამ ახალგაზრდების მხრიდან სათანადო ყურადღება არ ეთმობა.

წერილში პრემიერ-მინისტრმა კონკრეტული ერთი ადამიანის გარშემო, ისტორიულ ჭრილში იმოგზაურა და გაიხსენა ყველა ის ფაქტი, კონკრეტული მოვლენა, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდგომ ქვეყანაში განვითარდა. პრემიერი საზოგადოების და პირველ რიგში ახალგაზრდებისთვის შეეცადა დაენახებინა თუ რამდენად შინაარსს მოკლებულია უმეტესწილად ის პროტესტი, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება სრულიად გულწრფელად მოეჩვენოთ საზოგადოების კონკრეტულ წევრებს. როგორ ხდება დეზინფორმაციის, ტყუილი ნარატივების ქაოსურად მიწოდების ჭრილში აგორება ისეთი ტალღისა, რომელსაც ფაქტობრივად ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული იერსახე აქვს“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Facebook-ზე ღია წერილს აქვეყნებს და გულწრფელ ახალგაზრდებს მიმართავს.