დავით მათიკაშვილი: ნიანგის ცრემლების არავის სჯერა, ადამიანები, რომლებიც ძალადობას გეგმავდნენ, მსხვერპლი ვერასდროს იქნებიან, მსხვერპლი შესაძლოა, ჩვენი ქვეყანა გამხდარიყო

დავით მათიკაშვილი

4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო, მოძალადეთა ნაწილი დაკავებულია, ქვეყანა უმძიმეს პროცესებს გადაურჩა, ეს ყველაფერი 90-იანებში ვნახეთ და უკვე გავიარეთ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ერთ ჭეშმარიტებას ადასტურებს, რომ ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა, კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლა ქვეყნის ისეთ პროცესებში შესვლის წინაპირობაა, საიდანაც საქართველო, როგორც სახელმწიფო, შეიძლება, საერთოდ ვეღარ გამოვიდეს.

„ძალადობის შედეგად მოსული აგენტურული ხელისუფლება სწორედ იმ გეგმების განხორციელებას დაიწყებს, რისთვისაც დასავლეთიდან ამ ძალების აფინანსებენ. ეს ყველაფერი არ დავუშვით, რაც ხელისუფლების და სამართალდამცავი ორგანოების ფილიგრანული მუშაობის შედეგია. უმთავრესია, საზოგადოების უდიდესი ნდობა – მილიონ 100 ათასზე მეტმა ადამიანმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება აირჩია. ამ ადამიანებს დემოკრატია არ მოსწონთ, ესენი უსამშობლო აგენტურული ხალხია. ვერავინ დააჯერებს, რომ ადამიანი, რომელიც დამხობის გამოცხადებულ აქციაზე მიდის, მისი მიზანი საბოლოოდ ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა არ არის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რაც შეეხება დაკავებულებს, როგორც დავით მათიკაშვილი აცხადებს, მათი ნიანგის ცრემლების არავის სჯერა.

„მსხვერპლი არავინ არის. მსხვერპლი ჩვენი ქვეყანაა, რომელიც იმ უბედურების ფონზე, რასაც ეს უსამშობლო მოღალატეები საქართველოს უქადდნენ, შეიძლება, მსხვერპლი გამხდარიყო. ვნახეთ, როგორ შემოიტანეს ასაფეთქებელი ნივთიერება, რომლის გამოყენების მიზანი მაღალი ალბათობით შეიძლება, 4 ოქტომბერი ყოფილიყო. მსხვერპლი ის პოლიციელები არიან, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ. ისინი არიან მსხვერპლი. ის ადამიანები კი, რომლებიც ძალადობას გეგმავდნენ, მსხვერპლი და კონსტიტუციის დამცველები ვერასდროს იქნებიან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.