დავით მათიკაშვილი: ნებისმიერი ფორმის ძალადობა, ბულინგი, ვერბალური და მით უმეტეს, ფიზიკური შეურაცხყოფა, არის სრულიად მიუღებელი და დასაგმობი, ასევე უნდა შევხედოთ, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი

დავით მათიკაშვილი

ნებისმიერი ფორმის ძალადობა, ბულინგი, ვერბალური და მით უმეტეს, ფიზიკური შეურაცხყოფა, არის სრულიად მიუღებელი და დასაგმობი, ასევე უნდა შევხედოთ სიტუაციას, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

„ალბათ, გახსოვთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, როდესაც სრულიად უცერემონიოდ, ყოველგვარი ზედმეტი საბაბის და პირადი შელაპარაკების გარეშე ელისაშვილი თავს დაესხა უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს და მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. თქვენ გახსოვთ, რა რეაქცია მოჰყვა ამ ყველაფერს ოპოზიციურ ჯგუფებში, პროტესტის მონაწილეებში, ჟურნალისტების ნაწილში, რომლებიც ვითომ ოპოზიციურ ხმას აჟღერებენ და სინამდვილეში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რუპორი ტელევიზიები არიან. ამ ამბავმა ტაშის კვრის, შექებისა და წახალისების ჭრილში გაიარა. შემდეგ ამ ყველაფერს მოჰყვა გარკვეული პირების მხრიდან პოლიტიკოსების, მათ შორის ჩემი პერსონალური ინფორმაციის საჯაროდ გამოდება ფეისბუკის გვერდზე, რომელსაც აზიარებდნენ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები. ხდებოდა რეკვა, მესიჯების წერა უშვერი სიტყვებით, შეურაცხმყოფელი ტექსტით და ასე შემდეგ“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელების მიმართ შეურაცხყოფა ოპოზიციას არ დაუგმია.

„როდესაც პოლიციელებს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, აფურთხებდნენ, ქვებს ესროდნენ, ყველა სისაძაგლეს ჩადიოდნენ, სამწუხაროდ, ამ ყველაფრის დამგმობი არც ერთი ხმა ადგილობრივი რადიკალებისგან, ვითომ ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, სამწუხაროდ, ქვეყნის ფარგლებს გარედანაც, ჩვენი გარკვეულწილად მეგობრებისგან, არ მოგვისმენია. პირიქით, იყო საუბარი, რომ თითქოს, პოლიცია იქცეოდა ძალადობრივად და პოლიციას მოუწოდებდნენ, არ გადაამეტოთ ძალასო. არადა, ეს სწორედ იმ ქვეყნის წარმომადგენლები არიან, სადაც ნახეთ, რა ზომებსაც იყენებენ ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები მიტინგების დასარბევად. თუ შეადარებთ, ნახავთ, რომ ქართული სამართალდამცავი სისტემა მაქსიმალურად მომთმენი იყო ამ ყველაფრის მიმართ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.