დავით მათიკაშვილი: ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის განცხადებიდან საზოგადოება დასკვნებს მარტივად გამოიტანს, რა უნდათ ქვეყნისგან, ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია

დავით მათიკაშვილი

ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის განცხადებიდან საზოგადოება დასკვნებს მარტივად გამოიტანს, ქვეყნისგან რა უნდათ, ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, სენატორებმა ქართველ ხალხს და მათ სურვილებს თვალი უნდა გაუსწორონ.

„საქმე წარმოუდგენელ აბსურდთან გვაქვს, როცა იმაზე მსჯელობენ, თითქოს საქართველოში დემოკრატია ხელისუფლებას არ უნდა და რადიკალურ ოპოზიციას უნდა. ამ ორი სენატორის განცხადებიდან საქართველოში ზეწოლა იკითხება. საზოგადოება დასკვნებს მარტივად გამოიტანს, ქვეყნისგან რა უნდათ. ხელისუფლებას ხალხი ირჩევს და ამერიკელ სენატორებს რა უნდათ, საქართველოში აპართეიდი იყოს? მათ დემოკრატია არ მოსწონთ? არც უმრავლესობის მმართველობა? უნდათ, რომ ქვეყანა რადიკალების მცირე ჯგუფმა მართოს? ეს არის ნაქები ამერიკული დემოკრატია, რასაც შეერთებული შტატები ქადაგებს? ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია. მათ ქართველ ხალხს და მათ სურვილებს თვალი გაუსწორონ. ურთიერთობა იმ ხელისუფლებასთან იქონიონ, ვინც ქართველ ხალხს მოსწონს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ამერიკელი სენატორები, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში და წამყვანი წევრი, ჯინ შაჰინი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ.

„მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის ბოლო ნაბიჯები, ვიდრე ურთიერთობის გადახედვაზე გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადეს ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა.