დავით მათიკაშვილი EPP-ის განცხადებაზე: ეს არის გარედან ზეწოლის არსებობის მკაფიო დამადასტურებელი ფაქტი - კარგად ჩანს, თუ რა გამორჩეული და მძიმე როლი აქვს საქართველოს რეალობაში ქვეყნის ფარგლებს გარედან არსებულ ძალებს

დავით მათიკაშვილი

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც 4 ოქტომბერს განვითარებულ ძალადობრივ პროცესებს ეხება.

„ეს არის გარედან ზეწოლის არსებობის მკაფიო დამადასტურებელი ფაქტი, რომელსაც ვერავინ უარყოფს. ამიტომ, ხელისუფლების ამ შეუმდგარი დამხობის ფონზე, შეუმდგარი სისხლის ღვრის ფონზე, რომლის მსურველებიც საგანმანათლებლო სისტემაშიც ყოფილან - თსუ-ის პროფესორს ვგულისხმობ, რომელმაც მისი ინტერვიუთი მთელი საზოგადოება შოკში ჩააგდო, ამ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო კარგად ჩანს, თუ რა გამორჩეული და მძიმე როლი აქვს საქართველოს რეალობაში ქვეყნის ფარგლებს გარედან არსებულ ძალებს, რომელსაც სავსებით სამართლიანად „დიფ სთეითს“ ვუწოდებთ და რომელთა მიზანსაც წარმოადგენს, სრულიად დაცალონ ქვეყნები სუვერენიტეტისგან“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებული ძალადობრივი პროცესების ფონზე, EPP ძალადობის შეწყვეტისკენ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, მაგრამ არაფერს ამბობს ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მიერ ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე.