დავით მათიკაშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია სამართლიანი და პარტნიორული ურთიერთობა. სამწუხაროდ, აშშ-ს წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში პირიქით, უსამართლო და არა პარტნიორულ ურთიერთობებს ვხედავდით

დავით მათიკაშვილი

ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია სამართლიანი და პარტნიორული ურთიერთობა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, შეერთებული შტატების წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში, განსაკუთრებით მათი ვადის ბოლო პერიოდში ჩვენ პირიქით, უსამართლო და არა პარტნიორულ ურთიერთობებს ვხედავდით.

„ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია სამართლიანი და პარტნიორული ურთიერთობა. სამწუხაროდ, შეერთებული შტატების წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში, განსაკუთრებით მათი ვადის ბოლო პერიოდში ჩვენ პირიქით, უსამართლო და არა პარტნიორულ ურთიერთობებს ვხედავდით. ეს ნაბიჯები და ეს პროცესი, სამწუხაროდ მიმდინარეობდა, რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და რაც დასრულდა უკვე დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ნაუცბადევად პარტნიორობის, სტრატეგიული ხელშეკრულების გაუქმებით. ეს იყო აბსოლუტურად უსამართლო ნაბიჯი გაჯერებული უამრავი ცრუ ბრალდებით, რომელზედაც რეალურად, არცერთი არგუმენტი ამერიკულ მხარეს არ გააჩნდა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან, უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის იდეოლოგიასთან, მის გაცხადებულ პოლიტიკურ ხედვებთან „ქართული ოცნების“ პოლიტიკას გააჩნია ძალიან ბევრი თანხვედრა. ამაზე ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია. დაწყებული ოჯახური ღირებულებებით და ლგბტ პროპაგანდის საკითხებთან მიმართებით, დასრულებული სუვერენიტეტის ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან, რომელიც დონალდ ტრამპის რიტორიკას, მის წიაღსვლებს თუ დავესესხებით, ყველა ქვეყანა საკუთარ სუვერენიტეტს თვითონ უნდა აშენებდეს, იცავდეს.

„დიფ სთეითთან“ ბრძოლა, რომელიც გამოცხადებულია შეერთებულ შტატებში ტრამპის მიერ, მიმდინარეობს და მისი ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სწორედ USAID-ის დახურვა.

ჩვენ ამ ყველაფრის მიუხედავად, სამწუხაროდ, დღემდე აქტიური და ენთუზიაზმით გაჯერებული ურთიერთობები შეერთებული შტატების მხრიდან ვერ ვნახეთ, რაც არის, რა თქმა უნდა, გასაკვირი და კითხვის ნიშნებს ბადებს. მითუმეტეს, ამდენ თანხვედრასთან მიმართებით იდეოლოგიური თვალსაზრისით. მითუმეტეს, როდესაც არაერთი შეხვედრა იყო რეგიონის ლიდერებთან დონალდ ტრამპის მიერ და ამ ყველაფრის ფონზე არის მაინც რაღაცნაირად სიცარიელე. სწორედ ამ სიცარიელის ამოვსებას, ჩვენის მხრიდან კიდევ ერთხელ ნაბიჯის ღიად, საჯაროდ გადადგმას და ახალი, სუფთა ფურცლიდან ურთიერთობების დაწყების შეთავაზებას წარმოადგენდა პრეზიდენტ ყაველაშვილის ღია წერილი პრეზიდენტ ტრამპის მიმართ, სადაც საუბარია იმაზეც, რომ „დიფ სთეითთან“ ბრძოლის თვალსაზრისით იქნება ალბათ ძალიან კარგი ლაკმუსის ქაღალდი თუ რამდენად მოხდება საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა. ეს, ბუნებრივია, უკრაინაში ომის დასრულებაზეც არის დამოკიდებული, მანამდე ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თავის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს.