დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა, რომელიც დანაშაულებრივი მოქმედებებით, რევოლუციური გზით ცდილობს კონსტიტუციური მმართველობის დამხობას - გია ვოლსკი

ვოლსკი

საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების - "ნაციონალური მოძრაობა", "ლელოსა" და "ახალის" აკრძალვის შესახებ სარჩელი გამოაქვეყნა. უწყება ავრცელებს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციურ სარჩელს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სარჩელს პირველი კოლეგია განიხილავს. საკონსტიტუციო სარჩელში საუბარია, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნასა და საქმიანობას, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის, ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. სარჩელში საუბარია იმაზეც, რომ პოლიტიკური პარტიის საქმიანობასა და მის აკრძალვასთან დაკავშირებით, მსგავსი მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც.

პარლამენტის ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის განმარტებით, დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა, ან შემდგომი მოქმედება, რომელიც დანაშაულებრივი მოქმედებებით, რევოლუციური გზით ცდილობს კონსტიტუციური მმართველობის დამხობას.

"დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა, ან შემდგომი მოქმედება, რომელიც უპირისპირდება ადამიანის უფლებებს, სახელმწიფოს მართვის სისტემას და არალეგალური, დანაშაულებრივი მოქმედებებით, რევოლუციური გზით ცდილობს კონსტიტუციური მმართველობის დამხობას. პირდაპირ წერია კანონში და თუ კი ამბობს ამასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილი, უმრავლესობის წარმომადგენლები, ან ნეიტრალური ადამიანი იმას, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს, რა საკვირველია, ეს გამოდის კანონიდან და არა ვინმეს პოლიტიკური გემოვნებიდან", - განაცხადა გია ვოლსკიმ.