1763546754
ჭეიშვილი: თუ ხაზარაძე-ჯაფარიძე განახორციელებდა ინვესტიციას, მიწა საქართველოს რჩებოდა და თუ არაბული ინვესტიცია განხორციელდება, თურმე, არაბი ინვესტორები მოიკიდებენ ნაკვეთს ზურგზე და წაიღებენ... ესაა ჩვეულებრივი ტყუილი, რომელსაც "ლელო" ავრცელებს
ორმაგი სტანდარტი, დეზინფორმაცია და სახელმწიფო ინტერესების დაზიანების მორიგი მცდელობა, - მმართველი გუნდი "იგლ ჰილსის" უპრეცედენტო ინვესტიციის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრობს.
"ლელო" ამჯერად ანაკლიის პროექტსა და არაბულ ინვესტიციას ერთმანეთს ადარებს და წერს, რომ ანაკლიის პორტი ქვეყანას 100 პროცენტით რჩებოდა, ახლა კი მიწა არაბებს სამუდამოდ მიაქვთ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შეფასება არასერიოზულია, მათი ოპონენტები
კი, მანიპულაციურთან ერთად, ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებენ.
უმრავლესობა კიდევ ერთხელ აკეთებს აქცენტს სარგებელზე, რომელსაც ქვეყანა მიიღებს, ეს არის გაზრდილი ბიუჯეტი, გაზრდილი ეკონომიკა, ახალი სამუშაო ადგილები და ახალი ტიპის ევროპული ტიპის ურბანული სივრცეები.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ "ლელო" დეზინფორმაციას ავრცელებს.
"თუ "ლელო" (და კონკრეტულად ხაზარაძე-ჯაფარიძე) განახორციელებდა ინვესტიციას, კონკრეტული მიწის ნაკვეთი საქართველოს რჩებოდა და თუ არაბული ინვესტიცია განხორციელდება, თურმე, მოიკიდებენ არაბი ინვესტორები მიწის ნაკვეთს ზურგზე და წაიღებენ... ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი და დეზინფორმაცია, რომელსაც "ლელო" ავრცელებს,"- აცხადებს ჭეიშვილი.











