1760793040
"ბრალდება, რომელიც მას წარედგინა, არის სრულად უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელი" - ირაკლი შაიშმელაშვილის ადვოკატი

საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ირაკლი შაიშმელაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მას ბრალი დაუსწრებლად 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
შაიშმელაშვილი ქვეყანაში არ იმყოფება, ხოლო სასამართლო პროცესს მისი ადვოკატი ესწრება.
"ირაკლი, რა თქმა უნდა, არ ჩაერთვება სასამართლო პროცესში ამ ეტაპზე, თუმცა, თუ შემდგომ ეტაპებზე ჩაერთვება, ამაზე განცხადებას გავაკეთებ. რაც შეეხება ბრალს - ბრალდება, რომელიც ირაკლის წარედგინა, არის სრულად უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელი. მისი განცხადებები აბსოლუტურად ჯდება კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოხატვის ფარგლებში. შესაბამისად, თუ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდება პატიმრობა, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში", - აცხადებს ადვოკატი.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. პროკურატურა აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, სხვა პირებთან ერთად, 4 ოქტომბერს, აქციაზე, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა. ასევე, მოუწოდებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა.