ბოჟაძე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის გაუქმებაზე: მინდა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო იმ ღირსეული საქციელისთვის, რასაც მასთან შეხვედრის გაუქმება ჰქვია

ვლადიმერ ბოჟაძე

მინდა ვკითხო ქალბატონ ელინას, იგივე ნაბიჯი რომ გადაედგათ გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა სხვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, რა რეაქცია ექნებოდათ იქაურ სახელმწიფოებს. მინდა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო იმ ღირსეული საქციელისთვის, რასაც მასთან შეხვედრის გაუქმება ჰქვია, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის გაუქმებაზე საუბრისას.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნება მხოლოდ საქართველოში.

„მინდა მოვუწოდო ქალბატონ ელინას და საქართველოს შიდა და გარე მტრებს, რომლებსაც არ ასვენებთ ფიქრი იმაზე, თუ რატომ არის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა, რატომ აგრძელებს ქვეყანა წინსვლას და განვითარებას, საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნება მხოლოდ საქართველოში“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან მივიდა და პარლამენტთან შეკრებილებს გაესაუბრა. მან სოციალურ ქსელში რადიკალების მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტები შეკრებილები არიან, რათა შეშფოთება გამოხატონ ქვეყნის რეპრესიული კურსის მიმართ“.