თბილისში, ცესკოს წინასწარი შედეგები ცნობილია
1759597580
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საარჩევნო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში, პროცედურების დაცვით მიმდინარეობს.
"თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მნიშვნელოვანი დარღვევების არარსებობის ფონზე ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან ისმის სპეკულაციური შეფასებები თუ განცხადებები ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი, მისი არსებობის შემთხვევაში, არ ნიშნავს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, ვინაიდან შეუძლებელია ნების იდენტიფიცირება. ამასთანავე, ბიულეტენი ხმის მთვლელ აპარატში მოთავსებამდე საარჩევნო კაბინიდან ამომრჩეველს ჩარჩო კონვერტით გამოაქვს, რომელიც სრულად ფარავს ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალს და შესაბამისად მარკერის კვალს, მისი არსებობის შემთხვევაში.
შესაბამისად, ჯერ კიდევ გასულ არჩევნებზე, ამ თემით აქცენტირება წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულ სპეკულაციას. მიუხედავად ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციამ, მსგავსი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად ხმის მთვლელ აპარატს დაამატა ჭრილის საფარი.
როგორც არჩევნების დღემდე არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩარჩო კონვერტისა და ხმის მთვლელ აპარატზე ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჭრილის საფარის არსებობით შეუძლებელია ბიულეტენზე მარკერის კვალის გაჟონვის შემთხვევაშიც კი მისი იდენტიფიცირება.
იმ ფონზე, როცა გამოჟონვის კვალი იმთავითვე არ წარმოადგენს დარღვევას, მითუმეტეს, მაშინ როდესაც ნების იდენტიფიცირება შეუძლებელია, ვხედავთ საკითხის კვლავ სპეკულაციურად წამოჭრის მცდელობებს, რაც ადასტურებს, რომ ფარულობის თემა არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, არამედ გასულ წელსაც მხოლოდ მანიპულაცია იყო და არ ეყრდნობოდა ფაქტებს.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესს დღეს დილიდან აკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ მიერ პროცესი ფასდება როგორც მშვიდი და პოზიტიური. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, არ შევიდნენ შეცდომაში სპეკულაციური და უსაფუძვლო განცხადებებით და დაეყრდნონ საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია გადაამოწმონ საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამის საკომუნიკაციო საშუალებებზე.
ახლა კი გაგაცნობთ ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. მიმდინარე საარჩევნო პროცესი აჩვენებს, რომ ისევე, როგორც გასულ წელს, ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და შეუფერხებლად აკეთებენ საკუთარ არჩევანს. ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგია: 17:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 175 817 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.5%-ს შეადგენს.
აქვე, შეგახსენებთ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურებს.
კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ," - განაცხადა ნათია იოსელიანმა.