1755092160
არჩილ გორდულაძე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არცერთი სამართლებრივი ჩანაწერი არ არსებობს, რომ გვითხრან, გააუქმეთ კონკრეტული კანონები, თორემ ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთ

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არც ერთი სამართლებრივი ჩანაწერი არ არსებობს, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება, ვინმემ გვითხრას, გააუქმეთ კონკრეტული კანონები, თორემ გაგიუქმებთ ვიზალიბერალიზაციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, „ენას ძვალი არ აქვს და აგენტები ყველაფერს გააკეთებენ, რათა თავიანთი აგენტობა გაამართლონ და მიღებული დავალება შეასრულონ“.
„საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ გუნდის ინიციატივით მიიღება ის გადაწყვეტილებები და კანონები, რომლებიც ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისია და რაც მთავარია, ქვეყანაში მშვიდობის, ჩვენი კულტურის, იდენტობის, სუვერენიტეტის განმტკიცების და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესი.
კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული ადამიანები ზუსტად იმავე ხელიდან იმართებიან, რომელ ხელიდანაც იმართებიან ის ბიუროკრატები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ აკეთებენ განცხადებებს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ აშშ-ში, როდესაც ტრამპი მოვიდა, ერთ-ერთი პირველი, რაც მიიღო აღმასრულებელი ბრძანებების სახით, ეს არის სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. მაშინ ადგნენ ეს „ბიუროკრატები“, „დემოკრატიის დამცველები“, რეალურად კი, პირიქით, თანამედროვე ბოლშევიკებად ქცეულები, წავიდნენ და პრეტენზიები განაცხადონ დონალდ ტრამპთან, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ გააკეთებენ. ვერ გააკეთებენ, რადგან აშშ ძლიერი ქვეყანაა, როგორც ეკონომიკურად, ასევე არაეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. ვიღაცას საქართველო დაბალი ღობე ჰგონია, რომ შეუძლია, თითი დაუქნიოს ქართველს, შეუძლია, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ქართველის შეგნებას, ქართველის იდენტობას, მაგრამ კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე საქართველოზე განცხადებას გააკეთებენ. ეს მათივე ნათქვამები საკუთარ თავზე უფრო მეტად მეტყველებს, ვიდრე ახდენდეს რაიმე ზეგავლენას საქართველოზე. ამიტომაც არის, რომ მათივე დაკვეთილი კვლევებითაც კი, ევროპული სტრუქტურების მიმართ ნდობა უფრო იკლებს, საქართველოში სულ უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელიც არის ერთადერთი ძალა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამასთან, როგორც გორდულძემ აღნიშნა, მოლოდინია, რომ ქვეყნები პრაგმატულად შეხედავენ, რა მოვლენები ვითარდება საქართველოს და ზოგადად იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც „დიფ სთეითის“ დავალებებს არ ასრულებენ.
„ყველას კარგად ახსოვს, რომ ჩვენ დადებული გვაქვს საერთაშორისო ხელშეკრულება ევროკავშირთან, რომელიც გულისხმობს ასოცირებას და ჩვენი კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და მთელი რიგი რეფორმების განხორციელებას, მაგრამ ეს ხელშეკრულება ორმხრივია. მათ შორის ვიზალიბერალიზაციის ნაწილიც ორმხრივად ავალდებულებს, როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს. გაწერილია ის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველო, რათა ვიზალიბერალიზაციის პროცესით ისარგებლოს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არც ერთი სამართლებრივი ჩანაწერი არ არსებობს, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება, ვინმემ გვითხრას, გააუქმეთ კონკრეტული კანონები – რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესშია, რომელიც მიღებულია, მათ შორის აშშ-ში აღმასრულებელი ბრძანებების სახით – თორემ გაგიუქმებთ ვიზალიბერალიზაციას.
საუბარი როდესაც ევროკავშირზე გვაქვს, ჩვენ ევროპა და ევროკავშირი იმიტომ გვინდა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ სამართლის უზენაესობას, დემოკრატიულ საფუძვლებს და როდესაც სამართალს უბრალოდ გადახაზავენ ადამიანები და სამართლის პირდაპირ შეურაცხყოფით, კანონის უზენაესობის პირდაპირი დარღვევითა და შებღალვით ინტრიგნულად შეეცდებიან, ჩვენ მიგვითითონ რაღაცაზე, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და სუვერენიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია, ეს კიდევ ერთხელ ხაზსს უსვამს, რომ საერთოდ აღარავითარ სამართალს, კანონის უზენაესაობას და დემოკრატიულობას, სამწუხაროდ, აღარ აქვს ადგილი ევროკავშირში, რაც ყველაზე მეტად გულდასაწყვეტია.
ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქვეყნები პრაგმატულად შეხედავენ, რა მოვლენები ვითარდება საქართველოს და ზოგადად იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც „დიფ სთეითის“ დავალებებს არ ასრულებენ. ის უსამართლობის ურემი, რომლის ჩამოტარებასაც ცდილობენ საქართველოს მიმართ, აუცილებლად მივა ამ ქვეყნებთანაც. ზუსტად ასევე იგივე პრინციპებით, ასე უსამართლოდ და უსაფუძლოდ ამ ქვეყნებსაც მოსთხოვენ იმ დავალების შესრულებას, იმ საკანონმდებლო სივრცის ცვლილებას, რომელიც არ იქნება „დიფ სთეითისთვის“ ხელსაყრელი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.