არჩილ გორდულაძე: საქართველო ტერიტორიით და მოსახლეობის რაოდენობით შეიძლება მცირე ქვეყანაა, მაგრამ არავისზე ნაკლები, როგორც აშშ-ს შეუძლია, საკუთარი ინტერესები დაიცვას, იმავეს ვაპირებთ ჩვენც

არჩილ გორდულაძე

კაია კალასებსა და მსგავს არაარჩეულ ბიუროკრატებს, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ პოლიტიკურ კორუფციაში არიან მხილებულები, მოუწევთ, თავიანთი განცხადებები თავისთვის დაიტოვონ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო საკუთარი ინტერესებს ყოველთვის დაიცავს.

„კაია კალასს ჰგონია, რომ საქართველო დაბალი ღობეა და შეუძლია, ქვეყნის შიდა საქმეებში ხელი აფათუროს, ვინმეს მითითებები მისცეს და თქვას, რომ თითქოს 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობა იყო კანონიერი პროტესტი. იგივე პოზიციის დაფიქსირებას ამერიკის მიმართ ვერ ბედავს. გამოდის, რომ დიდი ქვეყნის და დიდი შესაძლებლობების ეშინია. ყველამ დაიმახსოვროს, რომ შეიძლება, საქართველო ტერიტორიით და მოსახლეობის რაოდენობით მცირე ქვეყანა იყოს, მაგრამ არავისზე ნაკლები არ ვართ და როგორც ამერიკას შეუძლია, მისი ინტერესები დაიცვას, ანალოგიურად ვაპირებთ ჩვენც. კაია კალასებსა და მსგავს არაარჩეულ ბიუროკრატებს, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ პოლიტიკურ კორუფციაში არიან მხილებულები, მოუწევთ, თავიანთი განცხადებები თავისთვის დაიტოვონ“, – განაცხადა გორდულაძემ.