არჩილ გორდულაძე - ხალხმა უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ევროკავშირიდან შემოსული თანხები

არჩილ გორდულაძე

მდიდარი „ენჯეოებისთვის“ პრობლემას არ წარმოადგენს, რაღაც საიტზე იყვნენ დარეგისტრირებულები, თუ ეს უცხოურია, მაგრამ ქართული საიტის შემთხვევაში პრობლემა აქვთ, –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, ხალხმა უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ევროკავშირიდან შემოსული თანხები.

„დაფინანსებაზე გავიგეთ ევროკავშირის ფარგლებში არსებული საიტიდან, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული თანხების შესახებ არის ინფორმაცია. რეალურად, არ ვიცით, სად დაიხარჯა ეს თანხები. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მდიდარი „ენჯეოები“ არიან, ჩვენი ქვეყნის და კანონმდებლობის უპატივცემულობას უსვამენ ხაზს. მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რაღაც საიტზე იყვნენ დარეგისტრირებულები, თუ ეს უცხოურია, მაგრამ ქართული საიტის შემთხვევაში პრობლემა აქვთ. სწორედ ამის გამო ვამბობთ ამ ადამიანებთან დაკავშირებით, რომ მათთვის სამშობლო არ არსებობს.

მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, როგორ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის, ანალოგიურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვისაც და ხალხისთვისაც, რათა მათ იცოდნენ, რაში იხარჯება ევროკავშირიდან შემოსული თანხები. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირიდან დაფინანსებული ადამიანები, „ენჯეოები“ ჩვენს ქვეყანაში სიძულვილის კამპანიას აწარმოებენ“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის „პატრიოტები ევროპისთვის“ ვიცე-პრეზიდენტი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების კომიტეტის შექმნას აპირებს და ხელმოწერებს აგროვებს. უნგრელ დეპუტატს კითხვები აქვს ევროკავშირსა და ათეულ ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმებულ კონტრაქტებთან დაკავშირებით და შესაბამისი მონაცემების დეტალურად გამოქვეყნებას ითხოვს. ევროკომისიიდან გამოთხოვილ და გამოქვეყნებულ მასალებში ბრიუსელიდან საქართველოს მესამე სექტორისთვის გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაციაც იძებნება.