არა რუსულ კანონს კანადაში - თბილისში, კანადის სავიზო ცენტრთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

ბკ

 თბილისში, კანადის სავიზო ცენტრთან აქცია-პერფორმანსი, სახელწოდებით „კანადას არ გაგარუსებინებთ“ გაიმართა. კანადის სავიზო ცენტრთან შეკრებილი ახალგაზრდების თქმით, კანადის ხელისუფლებამ დაიწყო აგენტების კანონპროექტზე მუშაობა და მზად არიან, დაიცვან კანადის დემოკრატიაც.

„დღეს მოვედით კანადის სავიზო ცენტრთან აქცია-პერფორმანსის სახით, „არა რუსულ კანონს“ კანადაში. ჩვენ არ გავარუსებინებთ კანადას და ჩვენ, დემოკრატიის მცველები დავიცავთ კანადის დემოკრატიასაც“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე გიორგი წკრიალაშვილმა.

პერფორმანსის კიდევ ერთი მონაწილის, გიორგი პაპიძის თქმით, კანადის ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიოს აღნიშნული კანონპროექტი.

„კანადის ხელისუფლებამ დაიწყო აგენტების კანონპროექტზე მუშაობა. ჩვენ, ქართველი ახალგაზრდები ვდგავართ კანადელი ახალგაზრდების გვერდით და ვაპროტესტებთ რუსულ კანონს კანადაში. მოვუწოდებთ კანადის ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს აგენტების კანონპროექტი. „არა რუსულ კანონს“ კანადაში, ეს არის ჩვენი, ახალგაზრდების მოწოდება. ქართველი ახალგაზრდები არ დავუშვებთ, კანადა გახდეს რუსეთის უკანა ეზო“, - აღნიშნა გიორგი პაპიძემ.