ანი წითლიძე: თითოეული ადამიანი სრულად შეგნებულად იდგა აქციაზე, ისინი თავისუფალი, გონიერი და საქართველოს პატრიოტი ადამიანები არიან

ანი წითლიძე

საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ კიდევ მეტი ვიბრძოლოთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს რუსული საოკუპაციო რეჟიმი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.

წითლიძეს 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკითხზე დაუსვეს კითხვა.

„4 ოქტომბრის პასუხისმგებლობაზე მისაუბრია არაერთხელ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, ვიდრე რუსული საოკუპაციო რეჟიმი მართავს ქვეყანას. საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან გვაქვს პასუხისმგებლობა, კიდევ მეტი ვიბრძოლოთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს რუსული საოკუპაციო რეჟიმი“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

ამასთან, ანი წითლიძის თქმით, თითოეული ადამიანი სრულად შეგნებულად იდგა აქციაზე და ძალით არავის მიუყვანია.

„მოწოდების რას ნიშნავს, ისინი ნახირი არ არიან, ეს ადამიანები არიან თავისუფალი, გონიერი და საქართველოს პატრიოტი ადამიანები, რომლებიც 13 წლის განმავლობაში ყველა აქციაზე იყვნენ და აპროტესტებდნენ რუსულ საოკუპაციო რეჟიმს. მე ვიყავი ამ ადამიანების ოჯახებთან, რამდენიმესთან სახლში, ვესაუბრე და მათი განწყობაც არის, რომ ასეთი ადამიანების ისტორიებზე დგას საქართველო, აქამდე რომ მოვედით, სწორედ მსგავსი ადამიანების დამსახურებაა. სწორედ იმაზე ვისაუბრეთ, რომ თითოეული ეს ადამიანი სრულად შეგნებულად იდგა. 63 წლის პენსიონერი, რომელსაც სიმსივნე აქვს, გგონიათ, ნახირია, რომ იქ ვიღაცამ ყურით მოიყვანოს და აქციაზე დააყენოს? სასამართლოსაც თუ მოუსმენდით, ნახავდით, რომ ეს ადამიანი იქ იდგა მარტივი მიზეზის გამო – ისეთ საქართველოში უნდა ცხოვრება, სადაც არ მოუწევს წამლების ფულის სესხება. ეს ადამიანები აპროტესტებდნენ რუსულ საოკუპაციო რეჟიმს. დარწმუნებული ვარ, კიდევ რომ დასჭირდეს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, თითოეული ეს ადამიანი იბრძოლებს“, – განაცხადა ანი წითლიძემ.