,,ამ კაცის გაუთლელმა ნაბიჯებმა და შეუთანხმებელმა ქმედებამ გამოიწვია მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორიის მტრის ხელში აღმოჩენა და ამას ვერასდროს ახსნის" - თენგიზ შარმანაშვილი გახარიაზე

თენგიზ შარმანაშვილი

დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოლო საჯარო სხდომა და გიორგი გახარიას თითქმის ორ საათიანი ონლაინ ჩართვა. ყოფილი პრემიერი კომისიის წევრებმა სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს ჩადგმის შესახებ დისტანციურად კიდევ ერთხელ გამოკითხეს.

პროცესმა ცხარე კამათისა და არაერთი სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.

მმართველ გუნდში თვლიან, რომ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ როგორ ცდილობდა ყოფილი პრემიერი შეკითხვებისთვის პირდაპირი პასუხი აერიდებინა ან დაუსაბუთებელი პასუხი გაეცა.

"საგანგებოდ მოწყობილ სპექტაკლზე" საუბრობს ოპოზიცია და ამტკიცებს, რომ ხელისუფლება გახარიას პოლიტიკური დევნისთვის საფუძველს ამზადებს.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით კი, ქვეყანამ ტერიტორია დაკარგა, რასაც გახარია ვერასდროს ახსნის.

"მოლოდინიც ასეთი მქონდა და ჩემდა სამწუხაროდ გამართლდა, რომ გახარიამ ისევ ერთმანეთთან კავშირში არ მყოფი არალოგიკური ფაქტები მოგვაწოდა დასაბუთების გარეშე.

ამ კაცის გაუთლელმა ნაბიჯებმა და სხვასთან შეუთანხმებელმა ქმედებამ გამოიწვია მილიონი კვადრატული მეტრის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მტრის ხელში აღმოჩენა. ეს არის ფაქტი და ამას ვერც ვერასდროს ახსნის ის", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.