ამ ძალადობაზე ვაპირებ შევიტანო სარჩელი, როგორც პაპუაშვილის, ასევე კომიტეტის თავმჯდომარის და მანდატურების წინააღმდეგ - სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს

სალომე სამადაშვილი

"უცხოური გავლენების" შესახებ რეზონანსული კანონპროექტის განხილვა გრძელდება - ინიციატივაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, მეორე მოსმენით, მუხლობრივად მსჯელობს.

სხდომა ისევ კამათის და პოლიტიკური ბრალდებების ფონზე მიმდინარეობს - დარბაზი უკვე დაატოვებინეს ოთხ ოპოზიციონერ დეპუტატს. პოზიციები უცვლელია.

ხელისუფლების ოპონენტები პროექტს რუსულად აფასებენ და მის გაწვევას ითხოვენ. "ქართული ოცნება" კი გამჭვირვალობაზე აპელირებს და ოპოზიციას უარგუმენტო დავაში ადანაშაულებს. დეპუტატების კითხვებს ისევ მამუკა მდინარაძე პასუხობს.

"ლელოს" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარლამენტის მანდატურები  ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე ფიზიკურად ძალადობენ, რის გამოც ის სარჩელის შეტანას აპირებს პარლამენტის თავმჯდომარის, კომიტეტის თავმჯდომარისა და მანდატურების წინააღმდეგ.

"სიმართლე არის ის, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს არა მხოლოდ იმით ემუქრება, რომ ევროკავშირთან არანაირი მოლაპარაკებები არ დაიწყება, არამედ ემუქრება უვიზო რეჟიმს. სავარაუდოდ, ჩვენ გაგვიუქმებენ თუ მოხდება ამ კანონის მიღება. ეს ფიზიკური ძალადობაა და ამ ძალადობაზე მე ვაპირებ შევიტანო სარჩელი, როგორც პაპუაშვილის წინააღმდეგ, ასევე კომიტეტის თავმჯდომარის და სამწუხაროდ, იმ მანდატურების წინააღმდეგაც, რომლებიც ძალადობენ ჩვენზე. ძალის გამოყენების უფლება მანდატურებს არ აქვთ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატ თამარ კორძაიას განცხადებით, უმრავლესობის წევრებს დავალება აქვთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომიდან თითო-თითოდ გაყარონ.

"ვახდენდი ციტირებას, ვუთითებდი იმაზე, რომ ისინი არღვევენ კანონს საერთაშორისო დასკვნებით. ციტირებას ვახდენდი ხალხო, მეტი არაფერს, მაგრამ არ მოსწონთ. დავალება აქვთ, რომ თითო-თითოდ გამოგვყარონ, რადგან 20:00 საათზე მათი მოყვანილი ცხვრები უნდა გაართონ. ბიძინას მგზავრები არიან და მათი ტრანსპორტი მიდის რუსეთში", - განაცხადა კორძაიამ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, უმრავლესობის წევრებს პასუხები არ აქვთ და ოპოზიციის წევრებს დარბაზს ატოვებინებენ.

"ამ ადამიანებს არცერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, იმიტომ, რომ ეს კანონი მუხლების თანმიმდევრობითაც კი ერთი-ერთში ემთხვევა რუსულ კანონს. ზუსტად ამ არგუმენტებით მოვედით, ზუსტად ამ სასამართლო გადაწყვეტილებებით მოვედით, ზუსტად იმით მოვედით, რომ არაფერი საერთო რაიმე კანონთან, რომელიც განიხილება ამერიკაში, ბრიტანეთში, საფრანგეთში, ამას არ აქვს. პასუხი რომ არ აქვთ ასე იქცევიან, ეს არის რეალობა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.