ვიტალი კლიჩკო: რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, გათბობის მიმდინარე სეზონი ყველაზე რთული იქნება

ვიტალი კლიჩკო

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ გათბობის მიმდინარე სეზონი ყველაზე რთული იქნება რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან.

„სრულმასშტაბიანი ომის წლების განმავლობაში დღეს ჩვენ წინაშეა გათბობის ყველაზე რთული სეზონის გამოწვევები. მტერი განსაკუთრებულად თავხედურად და სისტემატურად ახორციელებს თავდასხმას ერთდროულად ყველა ენერგეტიკულ და თბოობიექტებზე. ხორციელდება მასირებული თავდასხმები დრონებით, რაკეტებით.  მტერი აკეთებს ყველაფერს, რომ გაანადგუროს კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

კიევის მერის განცხადებით, პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, მოქმედების დროა.

„აქ არ არის პოლიტიკური განცხადებების დრო, არამედ ახალი გარემოებების გათვალისწინებით, სწრაფი და ეფექტიანი მოქმედების დროა“, – აღნიშნა კლიჩკომ.

მისი თქმით, კიევის საქალაქო საბჭომ არსებულ სიტუაციაში უნდა მიიღოს აუცილებელი და მნიშვნელოვანი საბიუჯეტო გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებითი ზომების განხორციელების საშუალებას იძლევა.

„სახსრების გადანაწილება მოგვიწევს სხვა დაგეგმილი მუხლებიდან. მესმის, რომ გადაწყვეტილებები რთულია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფომ კიევის ბიუჯეტიდან „უკანა“ რიცხვით რვა მილიარდი გრივნა წაიღო“, – აღნიშნა კლიჩკომ.

ამასთან, უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყანაში გათბობის სეზონი გეგმურად დაიწყება და მთავრობას მიღებული აქვს ყველა შესაბამისი დადგენილება ამის უზრუნველსაყოფად.