უკრაინის საზღვართან რუსეთის მხრიდან ჩეჩენთა 4 ბატალიონი განთავსდა

უკრაინის საზღვართან რუსეთის მხრიდან ჩეჩენთა 4 ბატალიონი განთავსდა

რუსეთის მხრიდან უკრაინის სუმის ოლქის საზღვართან ჩეჩენთა 4 ბატალიონი განთავსდა. ისინი სუმის ოლქიდან 150-200 კმ-ში იმყოფებიან. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

როგორც უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის მე-8 ფორმირების მეთაურმა ვლადიმერ ბიცაკმა განაცხადა, უკრაინული ძალები „ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან“.

„ეს ფორმირებები, როგორც ვიცით, ტელეფონებით ომის გადაღებებში კარგად არიან დახელოვნებულები. ეს ომის 2-წლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა. ნუ მაქსიმუმ, ჩვენს საზღვარს მიუახლოვდნენ, რაღაცა გადაიღონ, შეიძლება 1-2 სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი გამოაგზავნონ“, - განაცხადა ბიცაკმა.

ბოლო დღეებში რუსულმა ძალებმა შეტევის ინტენსივობა გაზარდეს. განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები პოკროვსკის და კურახოვოს მიმართულებებზე მიმდინარეობს.

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ალექსანდრე მუსიენკო არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, დამატებითი ფრონტი გახსნას და ხარკოვის ოლქს შეუტიოს, მაგრამ უკრაინული ძალები ამისთვის მზად არიან.