უკრაინამ ბრიანსკის ოლქში რუსეთის სარაკეტო ჯარების ქვედანაყოფი გაანადგურა

ომ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად რუსეთის ბრიანსკის ოლქში დისლოცირებული სარაკეტო ჯარების ერთ-ერთი ქვედანაყოფი გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უკრაინული გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის 26-ე სარაკეტო ბრიგადა, რომელიც ბრიანსკის ოლქშია განლაგებული, კიევზე სარაკეტო იერიშის მიტანისთვის ემზადებოდა.

თუმცა, უკრაინული დაზვერვისთვის აღნიშნული ინფორმაცია დროულად გახდა ცნობილი. უკრაინელმა ჯარისკაცებმა დასწრებაზე იმოქმედეს და პირველებმა მიიტანეს იერიში იმ ადგილას, საიდანაც კიევზე თავდასხმა იგეგმებოდა.

უკრაინული იერიშის შედეგად ერთი რუსული სარაკეტო გამშვები დანადგარი აფეთქდა, ხოლო ორი დაზიანდა, აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში.