ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის წარმატებული თავდასხმების შემდეგ რუსეთში საწვავის დეფიციტმა უკვე 20 პროცენტს მიაღწია

ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის წარმატებული თავდასხმების შემდეგ რუსეთში საწვავის დეფიციტმა უკვე 20 პროცენტს მიაღწია.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს.

„ჩვენი მონაცემებით, რუსეთში საწვავის დეფიციტი უკვე 20%-ს უახლოვდება. ეს ბენზინს ეხება. ისინი უკვე იყენებენ დიზელის მარაგებს, რომლებსაც „წვიმიანი დღისთვის“ ინახავდნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინს არაერთხელ შესთავაზეს ომის დასრულება ან სულ მცირე ცეცხლის შეწყვეტა.

„მან უარყო ყველა წინადადება – ჩვენი წინადადებები, ამერიკული წინადადებები. ამიტომაც სამართლიანია, რომ რუსეთმა ომის სრული ფასი იგრძნოს. იარაღის მწარმოებლები ამას უზრუნველყოფენ. ჩვენი გრძელვადიანი დარტყმები უფრო ზუსტი გახდა. ჩვენი პარტნიორები ამზადებენ ახალ სანქციებს. ვამზადებთ ახალ შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე შეხვედრებს ევროპაში. მნიშვნელოვანია, არ უარვყოთ მშვიდობისკენ მიმავალი არცერთი რეალური გზა. მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც გვეხმარება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა დობროპოლიის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევითი ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. ზელენსკის თქმით, 21 აგვისტოს შემდეგ, დობროპილიაში 7 200 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

„განსაკუთრებული ყურადღება ახლა, რა თქმა უნდა, დობროპოლიის ოპერაციაზე, კონტრშეტევით ოპერაციაზეა გამახვილებული. მისი დაწყებიდან დღემდე რუსებმა უკვე 12 000-ზე მეტი დანაკარგი განიცადეს და ეს მხოლოდ პოკროვსკისა და დობროპოლიის რაიონებშია. კერძოდ, 21 აგვისტოდან 12 000-დან 7 200-ზე მეტი დაღუპულია“, – განაცხადა ზელენსკიმ.