ყველაფერი გეგმის მიხედვით თუ წავა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი მომავალ კვირას იქნება მიღებული - ფრიდრიხ მერცი

ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი იმედოვნებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი მომავალ კვირას იქნება მიღებული.

„მადლობელი ვარ, რომ ევროკომისიამ განსახილველად წარადგინა სანქციების მე-18 პაკეტის შეთავაზებები. ყველაფერი თუ გეგმის მიხედვით წავა, მომავალ კვირას პაკეტი მიღებული იქნება“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

სლოვაკეთის წინააღმდეგობის შესახებ დასმულ კითხვაზე, გერმანიის კანცლერმა უპასუხა, რომ წევრი ქვეყნების დიპლომატები მომავალ კვირას ბრიუსელში პირველად განიხილავენ სანქციების პაკეტს.

„საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ ამას ევროპის საბჭოში. მაგრამ, შესაძლოა, უკვე მომავალ კვირას მივაღწიოთ შეთანხმებას“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი წარადგინა.