უცხოური მედია ირანში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ განახლებულ ცნობებს აქვეყნებს

ირანი

ირანის ოფიციალური პირების ცნობით, იდენტიფიცირებულია საპროტესტო აქციების დროს დაღუპული, სულ მცირე, 5000 ადამიანი. მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის 500 თანამშრომელია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ანონიმურმა წყარომ სააგენტოს უთხრა, რომ ყველაზე სასტიკი შეტაკებები მოხდა ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც ძირითადად ირანელი ქურთები ცხოვრობენ. მისივე თქმით, მსხვერპლის რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია.

ირანის ხელისუფლება არეულობებში კვლავ „ტერორისტებს და შეიარაღებულ ამბოხებულებს“ ადანაშაულებს, რომლებიც, მათივე თქმით, „უდანაშაულო ირანელებს“ ხოცავდნენ.

მათივე მტკიცებით, ირანში გამართულ აქციებს „ისრაელი და საზღვარგარეთ მყოფი შეიარაღებული ჯგუფები უჭერდნენ მხარს და აღჭურვილობას აწვდიდნენ დემონსტრანტებს“.