„გარდაიცვალა სიცოცხლით სავსე გოგო...“ - ბათუმში ახალგაზრდას გლოვობენ
1751370163
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი USAID-ის პროგრამას ოფიციალურად ასრულებს.
სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოს მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში საუბარია, რომ ამიერიდან უცხოური დახმარების პროგრამები ამერიკის ეროვნული ინტერესების შესაბამისად დაფინანსდება და სახელმწიფო დეპარტამენტის საშუალებით განხორციელდება.
რუბიო აღნიშნავს, რომ ათასობით პროგრამის შემოწმებისა და გადახედვის შემდეგ, 715 მილიარდი დოლარის ხარჯებია გაღებული და რომ საერთაშორისო განვითარების სააგენტო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.
ამასთან, მარკო რუბიოს წერილში ნათქვამია, რომ სააგენტოს ჰქონდა ათეულობით წელი და თითქმის შეუზღუდავი ბიუჯეტი ამერიკული გავლენის გასაძლიერებლად, მსოფლიოში ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად და მილიარდობით ადამიანის ფეხზე წამოსაყენებლად, თუმცა როგორც სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე, არასამთავრობო ორგანიზაციების კომპლექსის განვითარების გარდა, USAID-მა ცივი ომის შემდგომ, ძალიან მცირე მიღწევის ჩვენება შეძლო.
„განვითარების მიზნები იშვიათად სრულდებოდა, არასტაბილურობა ხშირად უარესდებოდა, ანტიამერიკული განწყობები კი მხოლოდ იზრდება. გლობალურ ასპარეზზე ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე მეტად სარგებლობენ ჩვენი გულუხვობით, როგორც წესი, არ აქვთ საპასუხო რეაგირება. მაგალითად, 2023 წელს, სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებმა შეერთებულ შტატებთან ერთად, გაერო-ში მნიშვნელოვან რეზოლუციებზე მხოლოდ 29 პროცენტში მისცეს ხმა, მიუხედავად იმისა, რომ 1991 წლიდან 165 მილიარდი დოლარის დაფინანსება მიიღეს. ეს მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. იმავე პერიოდში, 89 მილიარდ დოლარზე მეტი იქნა ინვესტირებული ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, სადაც აშშ-მ კეთილგანწყობის უფრო დაბალი რეიტინგი მიიღო, ვიდრე ჩინეთმა, ყველა ქვეყნაში, გარდა მაროკოსი.
სააგენტოს მიერ ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე 1991 წლიდან 9.3 მილიარდი დოლარის დახარჯვამ, რომლის ბენეფიციარებს შორის „ჰამასის“ მოკავშირეები იყვნენ, შეერთებული შტატების მიმართ მადლიერების ნაცვლად, უკმაყოფილება გამოიწვია. კარგად ცხოვრობდნენ მხოლოდ უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი პირები, რომლებიც ხშირად ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული ხუთვარსკვლავიანი ცხოვრების წესით ტკბებოდნენ, ხოლო ისინი, ვისაც ისინი უნდა დახმარებოდნენ, კიდევ უფრო უკან წავიდნენ. მთავრობის მიერ სანქცირებული არაეფქტურობის ეპოქა ოფიციალურად დასრულდა. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ ბოლოს და ბოლოს გვექნება უცხოური დაფინანსების მისია ამერიკაში, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.
პირველი ივლისიდან USAID ოფიციალურად შეწყვეტს საგარეო დახმარების განხორციელებას. საგარეო დახმარების პროგრამები, რომლებიც შეესაბამება ადმინისტრაციის პოლიტიკას და რომელიც წინ წასწევს ამერიკის ინტერესებს, განხორციელდება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, სადაც მათ უფრო მეტი ანგარიშვალდებულებით, სტრატეგიითა და ეფექტურობით განახორციელებს“, – ნათქვამია მარკო რუბიოს წერილში.
ამასთან, რუბიოს წერილში აღნიშნულია, რომ ამერიკელმა გადასახადების გადამხდელებმა არ უნდა აფინანსონ არშემდგარი მთავრობები შორეულ ქვეყნებში.
„შემდგომში, ჩვენი დახმარება მიმართული და შეზღუდული იქნება დროში. ჩვენ უპირატესობას მივანიჭებთ ქვეყნებს, რომლებიც გამოავლენენ უნარს, ასევე მზაობას, დაეხმარონ საკუთარ თავს და მივმართავთ ჩვენს რესურსებს ისეთ სფეროებზე, სადაც ისინი შეძლებენ ეფექტის გაზრდასაც და მდგრადი კერძო სექტორის გაძლიერებას, მათ შორის ამერიკული კომპანიებისა და გლობალური ინვესტიციების. ეს სამუშაო მიმდინარეობს. ჩვენ უკვე ვხედავთ უზარმაზარ პროგრესს გაერო-ს, სხვა მოკავშირეებისა და კერძო ფონდების მხრიდან მსოფლიოს გარშემო პროექტებში უფრო დიდი წილის გადახდის კუთხით. ჩვენ კონსოლიდაციას ვუწევთ დანაწევრებული ასიგნებების ანგარიშებს, რათა შევქმნათ მეტად მოქნილი და დინამიური ფონდები, აღმოვფხვრათ ბიუროკრატიული პროცესები, რათა ვიმოქმედოთ სწრაფად და რეალურ დროში ვუპასუხოთ კრიზისებს, დავნერგოთ ახალი ეფექტური კრიტერიუმები გავლენის რაოდენობირვად შესაფასებლად. რეგიონული ბიუროების საშუალებით, ადგილზე დიპლომატებისთვის უფლებამოსილების მინიჭებით, ჩვენ ვქმნით უკუკავშირის სწრაფ ციკლს, რათა უზრუნველვყოთ პროგრამების შესაბამისობა ამერიკის ინტერესებსა და პარტნიორი ქვეყნების საჭიროებებზე. ეს მოდელი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ძლიერ პოზიციას, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ჩინეთის ექსპლუატაციური დახმარების მოდელს და წინ წავწიოთ ჩვენი ეროვნული ინტერესები საკვანძო რეგიონებში მთელ მსოფლიოში. ამას გავაკეთებთ პრიორიტეტის ვაჭრობაზე, შესაძლებლობებსა და ინვესტიციებზე მინიჭებით, ნაცვლად დახმარებისა, დამოკიდებულებისა და მხარდაჭერისა“, – ნათქვამია მარკო რუბიოს წერილში.