უკრაინა ევროკავშირში არ უნდა გაწევრიანდეს, თუნდაც ამის გამო მთელი ბრიუსელი ყირაზე დადგეს - ვიქტორ ორბანი

 ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მორიგ ჯერზე დააფიქსირა თავისი უარყოფითი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. შესაბამისი განცხადება მან რუმინეთში, საზაფხულო ბანაკში გამოსვლისას გააკეთა. პრემიერმა განაცხადა, რომ მსოფლიო ომის დაწყების რისკი მუდმივად იზრდება.

„უკრაინა არ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, რადგან ეს ომსაც მოიტანს, თუნდაც ამის გამო მთელი ბრიუსელი ყირაზე დადგეს. უნგრეთის დიპლომატიური და ძალისმიერი გავლენის ზღვარი ცხადია. ამიტომ, უნდა გავამახვილოთ ყურადღება, პირველ რიგში, რეგიონულ მშვიდობაზე. ჩვენ უნდა შევქმნათ მშვიდობიანი ალიანსები ყველასთან, ვისთანაც შესაძლებელია“, - აღნიშნა ორბანმა.

მან ასევე განაცხადა, რომ იმისთვის, რომ ქვეყანა ომში არ აღმოჩნდეს ჩათრეული, აუცილებელია კარგი ურთიერთობები ყველა გლობალურ ძალასთან.

„აუცილებელია, რომ ყველა დიდი სახელმწიფო ეკონომიკურად და ფინანსურად იყოს დაინტერესებული უნგრეთის წარმატებაში - ანუ, არავის უნდა აწყობდეს მისი განადგურება ან დასუსტება. ომის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ საკმარისი ძალა გვქონდეს საკუთარი თავის დასაცავად. აქ კიდევ ბევრი სამუშაოა, თუმცა თავდაცვის ბიუჯეტი უკვე 1 750 მილიარდი ფორინტია“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.