ტრამპი: სი ძინპინთან ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა - მას ყველა დიდ პატივს სცემს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მიმართ პოზიტიური განცხადებები გააკეთა და მათ შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

ტრამპის თქმით, მას ჩინეთის პრეზიდენტთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

„სი ძინპინთან ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ის წარმოუდგენელი ადამიანია. ის, რაც მან გააკეთა, საოცარია. მას ყველა დიდ პატივს სცემს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა პერიოდი, როდესაც მათ ურთიერთობაში გარკვეული დაძაბულობა გაჩნდა და აღნიშნა, რომ ჩინეთის ლიდერის თხოვნას ანგარიში გაუწია.

„ჩვენი ურთიერთობა კოვიდმა სერიოზულად შეაფერხა. მე მას ადრე „ჩინურ ვირუსს“ ვუწოდებდი, მაგრამ მან მითხრა: „ხომ არ ფიქრობთ, რომ სხვა სახელის გამოყენება შეგეძლოთ?“ და მე გადავწყვიტე, ასეც მოვქცეულიყავი“, - დასძინა მან.