1751921238
სომხეთის ეროვნული კრების სხდომაზე მმართველი პარტიისა და ოპოზიციური ბლოკის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

სომხეთის ეროვნული კრების სხდომაზე დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მმართველი პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმებისა“ და ბლოკ „სომხეთის“ წევრები.
სხდომაზე განიხილებოდა ოპოზიციური ფრაქციის, „სომხეთის“ წევრისთვის, ქალაქ სისიანის ყოფილი მერისთვის, არტურ სარქისიანისთვის დეპუტატის იმუნიტეტის გაუქმებისა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყების საკითხი. არტურ სარქისიანი ეჭვმიტანილია ტერაქტების მომზადებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში იმ მოძრაობის ფარგლებში, რომელსაც არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობს.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას არტურ სარქისიანმა განაცხადა, რომ მისი დაპატიმრების საკითხი წინასწარ გადაწყვეტილია. იმ დროს, როდესაც დეპუტატი დარბაზიდან გადიოდა, რამდენიმე დეპუტატთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არტურ სარქისიანმა მმართველი პარტიის წევრებს „თურქები“ უწოდა, საპასუხოდად მმართველი პარტიის წევრი არტურ ოვანისიანი მას „კისრის მოტეხვით“ დაემუქრა.
ვიცე-სპიკერმა რუბენ რუბინიანმა დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და შესვენება გამოაცხადა.