სიბიგა: ტრამპმა დიდი დრო და ძალისხმევა დახარჯა მშვიდობასთან დასაახლოებლად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან კი პასუხად ძველი ულტიმატუმების ახალ ნაკრებს იღებს

ანდრეი სიბიგა

პრეზიდენტმა ტრამპმა დიდი დრო და ძალისხმევა დახარჯა მშვიდობასთან დასაახლოებლად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან კი პასუხად ძველი ულტიმატუმების ახალ ნაკრებს იღებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ დაწერა.

„ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში პრეზიდენტმა ტრამპმა დიდი დრო და ძალისხმევა დახარჯა მშვიდობასთან დასაახლოებლად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან კი პასუხად ძველი ულტიმატუმების ახალ ნაკრებს იღებს. რუსეთს არ შეუცვლია თავისი აგრესიული მიზნები და არ ავლენს შინაარსიანი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის ნიშნებს. პირიქით, მათი ულტიმატუმები კიდევ უფრო გიჟური ხდება. ეს ადასტურებს, რომ აგრესორის მადა მხოლოდ იზრდება, როდესაც ზეწოლასა და ძალას არ აწყდება. ამის ნაცვლად, დროა, რუსეთის სამხედრო მანქანას ახალი მკაცრი სანქციები დავარტყათ და მოსკოვი გამოვაფხიზლოთ“,  – წერს ანდრეი სიბიგა.

მაგალითად, სიბიგას მოჰყავს სერგეი ლავროვის მიერ ინდონეზიური გამცოემისთვის მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტი, სადაც ის  ამბობს, რომ მდგრადი მშვიდობის მისაღწევად უნდა იყოს აღიარებული და გაფორმებული „ახალი ტერიტორიული რეალიები, რომლებიც წარმოიქმნა რუსეთთან ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპორჟიეასა და ხერსონის რეგიონების მიერთების შედეგად“.