სექსუალური ტრეფიკინგი იოგას სახელით - ვინ არის წყვილი, რომელიც ადამიანებით ვაჭრობასა და სექსუალურ ექსპლუატაციაში მხილებული, ისინი საქართველომ საფრანგეთს გადასცა

რუმინელი წყვილი

ავიარეისი თბილისი-პარიზი.. ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ცოლ-ქმარი ქართველმა სამართალდამცველებმა ფრანგ კოლეგებს გადასცეს. ადამიანებით ვაჭრობასა და სექსუალურ ექსპლუატაციაში მხილებული რუმინელი წყვილი უკვე საფრანგეთის მართლმსაჯულების ხელშია. მიჰაი და ადინა სტოიანები საქართველოში გასული წლის აგვისტოში, სარფის გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდნენ. პარიზის ინტერპოლის მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერი "კურიერი P.S."-მა ექსკლუზიურად მოიპოვა.

იოგას სახელით მოქმედი ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი დაჯგუფება ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, რუმინეთის მოქალაქემ გრეგორიან ბივოლარუმ დააფუძნა და საკუთარი იდეოლოგია მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში გაავრცელა. სწორედ ბივოლარუს უახლოეს გარემოცვას წარმოადგენენ ცოლ-ქმარი, რომელიც გასულ კვირას თბილისმა პარიზს გადასცა.

გზა სამოთხისკენ - ასეთია იოგას საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციის დევიზი, თუმცა მიჰაი და ადინა სტოიანებმა ქალები სხვადასხვა ქვეყნიდან, დაპირებული სამოთხის ნაცვლად, პარიზის გარეუბანში, კონსპირაციულ ბინაში ჩაკეტეს. მათ ჩამოართვეს ტელეფონები, პასპორტები და რიგითობის მიხედვით გაჰყავდათ დაჯგუფების ლიდერთან სქესობრივი კავშირის დასამყარებლად.

ეშლი ფრეკლტონი, რომელიც დანიის საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაუბრა, ერთ-ერთია, ვინც გრეგორიან ბივოლარუს და სტოიანების წყვილის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს. მასთან ერთად მინიმუმ 6 ქალი მზად არის საკუთარ ისტორიაზე ხმამაღლა ისაუბროს.

თავად კულტის დამფუძნებელი, 73 წლის გრეგორიან ბივოლარუ პარიზის გარეუბანში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს 2023 წლის ნოემბერში დააკავეს. მაშინ, პოლიციამ სხვადასხვა მისამართზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი სულ მცირე 58 ქალი იპოვა. კულტის ლიდერი დააპატიმრეს, თუმცა მისი მარჯვენა ხელი, მიჰაი სტოიანი ცოლთან ერთად მართლმსაჯულებას გაექცა.

სტოიანების ქართველ ადვოკატს შეთანხმებულ დროს ოფისში მივაკითხეთ, თუმცა სამუშაო სივრცე დაკეტილი დაგხვდა. პირად სატელეფონო საუბარში კი გვითხრა, რომ ცოლ-ქმარი რელიგიური და პოლიტიკური ნიშნით იდევნება.

საქართველოში დაკავებული და საფრანგეთში ექსტრადირებული ცოლ-ქმარი ქალებზე ფსიქოლოგიურ და რელიგიურ მანიპულაციებს მართლაც იყენებდა. "წმინდა ეროტიზმი" - ასე ჰქვია სწავლებას, რომელიც სინამდვილეში იოგას ქსელის დამფუძნებელთან სქესობრივი კავშირით სრულდებოდა. კულტის ლიდერები ქალებს ბიბლიაზე ფიცსაც ადებინებდნენ, რომ მომხდარის შესახებ არასდროს არავისთან ისაუბრებდნენ.

"კურიერი P.S." სტოიანების საქმეზე პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ესაუბრა. ირაკლი ჩილინგარაშვილი ამბობს, რომ ტრეფიკინგში მხილებული წყვილი საქართველოში თავშესაფრის მინიჭებასაც ცდილობდა, რათა მოსალოდნელი მკაცრი სასჯელი თავიდან აერიდებინათ.

გატაცებები და გაუპატიურებები - ეს ბრალდებები საფრანგეთში სასჯელის უმაღლეს ზომას ითვალისწინებს. მიჰაი და ადინა სტოიანებს, ისევე როგორც კულტის დამფუძნებელს, გრეგორიან ბივოლარუს, საფრანგეთში უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ვრცლად ↓