სახმელეთო ოპერაციამდე ისრაელი რაფაჰიდან პალესტინელი ხალხის ევაკუაციას უზრუნველყოფს

სახმელეთო ოპერაცია

ისრაელი დათანხმდა, გაითვალისწინოს შეერთებული შტატების შეშფოთება რაფაჰში დაგეგმილ ოპერაციასთან დაკავშირებით, თუმცა „ჰამასის“ გასანადგურებელი გეგმიდან გადახვევას არ აპირებს. სახმელეთო ოპერაციამდე ისრაელი რაფაჰიდან პალესტინელი ხალხის ევაკუაციას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

მანამდე კი პრემიერ ნეთანიაჰუს ტელეფონით პრეზიდენტი ბაიდენი ესაუბრა და ღაზის საზღვრისპირა ქალაქ რაფაჰში შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით თავისი მკაფიო პოზიცია გაიმეორა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, ლიდერებმა მძევლების გათავისუფლებაზე, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ტემპის გაზრდასა და სექტორში ახალი გამშვები პუნქტების გახსნის საკითხზე იმსჯელეს.

„მომავალ კვირას ისრაელს მორიგი ვიზიტით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ეწვევა. ენტონი ბლინკენის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი ცეცხლის შეწყვეტა იქნება. ჩვენი სურვილია ზავი, სულ მცირე, 6 კვირა გაგრძელდეს. ეს მძევლების დაბრუნების საშუალებას მოგვცემდა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას გააადვილებდა. ამიტომაც ენტონი ბლინკენი ამ საკითხზე აქტიურად იმუშავებს. ის ასევე შეეცდება გადააფიქრებინოს ისრაელს რაფაჰში ოპერაციის დაწყება“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.