საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება

სიცხე

საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. რომსა და მადრიდში ჰაერის ტემპერატურამ 36 გრადუსს მიაღწია, ათენსა და ნეაპოლში 35 გრადუსია, ლისაბონში 34. ხორვატიაში 33, პარიზსა და ლონდონში კი 31 გრადუსია.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ესპანეთშია. შაბათს ანდალუსიის პროვინცია უელვაში, ივნისის ტემპერატურის რეკორდი 46 გრადუსი დაფიქსირდა. ივნისისთვის აქამდე ყველაზე მაღალი ტემპერატურა 1965 წელს სევილიაში დაფიქსირებული 45.2 გრადუსი ცელსიუსი იყო.

ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სამსახურმა და ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას სიცხის დროს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდეს.

ჯანდაცვის სამინისტრომ მოუწოდა მოსახლეობას, თვალყური ადევნონ ამინდის პროგნოზს, მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე და შეძლებისდაგვარად მოერიდონ მზეს.