გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება საქართველოსა და მსოფლიოზე
1757447142
რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო პოლონეთის ხელისუფლება ნატო-ს წესდების მეოთხე მუხლს გაააქტიურებს, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ნატო-ს მეოთხე მუხლის ამოქმედების საკითხი მან ქვეყნის პრეზიდენტთან, კაროლ ნავროცკისთან შეათანხმა.
როგორც ტუსკმა აღნიშნა, არ არსებობს მიზეზი იმის სათქმელად, რომ პოლონეთი საომარ მდგომარეობაშია, მაგრამ სიტუაცია იმაზე მნიშვნელოვნად საშიშია, ვიდრე წინა შემთხვევები. მისივე განცხადებით, სამხედრო კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმაზე ახლოსაა, ვიდრე ოდესმე იყო.
ცნობისთვის, ნატოს წესდების მეოთხე მუხლი გულისხმობს: „მოკავშირეები ერთობლივ კონსულტაციებს გამართავენ, როდესაც, რომელიმე მათგანის მოსაზრებით, ნატო-ს ერთ-ერთი წევრის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება“
ნატო-ს შექმნიდან დღემდე ალიანსის წესდების მეოთხე მუხლი სულ 7-ჯერ იყო ამოქმედებული. ბოლოს ეს 2022 წელს მოხდა, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
ცნობისთვის, 10 სექტემბრის ღამით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა დაარღვია, რომლებიც ჩამოაგდეს. ამასთან, „როიტერის“ ცნობით, ნატო პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრას თავდასხმად არ განიხილავს.