რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის გადასცემს „ჰამასი” ისრაელს გარდაცვლილი მძევლების ცხედრებს - ბენიამინ ნეთანიაჰუ

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურული დარჩება, ვიდრე „ჰამასი” ყველა მოკლული მძევლის ცხედარს ისრაელს არ გადასცემს.

ნეთანიაჰუს თქმით, სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის გადასცემს „ჰამასი” ისრაელს გარდაცვლილი მძევლების ცხედრებს.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორშაბათს რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი გაიხსნებოდა.

„ჰამასმა” განაცხადა, რომ დღეს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე ისრაელს კიდევ ორი მძევლის ცხედარს გადასცემს.

როგორც „როიტერი” წერს, შეთანხმების ფარგლებში, „ჰამასმა” გაათავისუფლა 20 ცოცხალი მძევალი, თუმცა ისრაელში აცხადებენ, რომ „ჰამასი” ძალიან ნელა უბრუნებს გარდაცვლილი მძევლების ცხედრებს. „ჰამასმა” ისრაელს ამ დრომდე 28-დან 10 ცხედარი დაუბრუნა.