პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აშშ-სგან „ეფ-35“-ის ტიპის გამანადგურებლისთვის რაკეტების შესყიდვის კონტრაქტს მოაწერა ხელი

ეფ-35

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ხელი მოაწერა კონტრაქტს აშშ-სგან „ეფ-35“-ის ტიპის გამანადგურებლისთვის რაკეტების შესყიდვის შესახებ.

შეთანხმება მოიცავს 200 საჰაერო თავდაცვის რაკეტის AIM-120 AMRAAM-ის შესყიდვას უახლესი AIM-120D ვერსიით.

პირველი რაკეტები პოლონეთში მომავალ წელს ჩავა.

როგორც პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა აღნიშნა, პოლონეთი უერთდება ევროპული ქვეყნების ელიტურ წრეს, რომლებიც ამ ტიპის რაკეტებს იყენებენ.

„ეს აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერი მოკავშირეები ვართ, რამდენად ინტეგრირებულები ვართ“, – აღნიშნა კოსინიაკ-კამიშმა.

მისივე თქმით, ასეთი კონტრაქტები აჩვენებს, რომ „პოლონურ-ამერიკული კავშირი არ არის მხოლოდ სიტყვები“.