პოლონელმა მოსამართლემ თავშესაფარი ბელარუსში მოითხოვა

პოლონელმა მოსამართლემ თავშესაფარი ბელარუსში მოითხოვა

პოლონელმა მოსამართლემ თავშესაფარი ბელარუსში მოითხოვა. საუბარია ვარშავაში მდებარე ვოევოდის ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლე ტომაშ შმიტდზე.

როგორც ის ამბობს, ამ ნაბიჯით მან პროტესტი გამოხატა პოლონეთის ხელისუფლების მიერ რუსეთის და ბელარუსისადმი გატარებული პოლიტიკის მიმართ.

მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლონელმა მოსამართლემ განაცხადა, რომ „ვარშავა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ზეგავლენით მოქმედებს და ქვეყანა ომისკენ მიჰყავს“.

როგორც პოლონელი მოსამართლე ამბობს, სამშობლოს დატოვება ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო მოუხდა. მისივე თქმით, მთავრობა მას დევნიდა და ემუქრებოდა და ამის მიზეზი მისი „დამოუკიდებელი პოლიტიკური პოზიცია“ იყო.

მისივე თქმით, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მოქალაქეები უნდა ჩავიდნენ ბელარუსში და თავად იხილონ იქ არსებული სიტუაცია, რადგანაც მათი მედია რეალობას ამახინჯებს. შმიდტმა ბელარუსს „დიდი შესაძლებლობების ქვეყანა“ უწოდა და თქვა, რომ მას „ბრძენი მეთაური ჰყავს“.

შმიდტი პოლონეთის ეროვნული იუსტიციის საბჭოს იურიდიული განყოფილების დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ის თანამდებობიდან 2019 წელს აგორებული სკანდალის შემდეგ გადააყენეს. მაშინ მოსამართლის მეუღლე მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული სასამართლოს რეფორმების მოწინააღმდეგე მოსამართლეებზე კომპრომატების გავრცელებაში ამხილეს. 2022 წელს შმიტდმა აღიარა, რომ ამ კამპანიაში თავადაც მონაწილეობდა.