პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1763658197
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის მთავრობისთვის ფულის გაგზავნა ქვეყანაში კორუფციული სკანდალის გათვალისწინებით. ამის შესახებ სიიარტომ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის წინ, მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„ბრიუსელი და ბრიუსელის ხელმძღვანელობა ნორმალური რომ ყოფილიყო, მაშინ მათ დაუყოვნებლივ უნდა შეეწყვიტათ უკრაინისთვის გადახდები და დაუყოვნებლივ უნდა მოეთხოვათ ფინანსური გამჭვირვალობა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რაში დაიხარჯა ევროპელი გადასახადის გადამხდელთა ფული უკრაინაში. მთელი მსოფლიო მედია ავრცელებს ამბებს ამ კორუმპირებული სისტემის, ამ საომარი მაფიის ოპერაციის შესახებ. და უნდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე ზომიერი გამოთქმა, რომელსაც ახლა გამოვიყენებ. სიგიჟეა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი წევრ სახელმწიფოებს წერილს უგზავნის, უკრაინას კიდევ 100 მილიარდი ევრო მისცენ. ანუ, გიჟები ვართ? ანუ, უკრაინაში ომის მაფია, კორუმპირებული სისტემა მოქმედებს. შემდეგ კი ევროკომისიის პრეზიდენტი ამას თავის წერილში არც კი ახსენებს, დაფინანსების შეჩერებისა და დაუყოვნებელი ფინანსური გამჭვირვალობის მოთხოვნის ნაცვლად, მას სურს, კიდევ 100 მილიარდი გაუგზავნოს უკრაინას. ეს სიგიჟეა, ეს სკანდალია“, – აცხადებს სიარტო.
შეგახსენებთ, უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო იძიებენ კორუფციულ სქემას, რომლის ორგანიზატორად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობარს, სტუდია „კვარტალ 95-ის“ თანამფლობელს, ტიმურ მინდიჩს ასახელებენ. როგორც ანტიკორუფციულ უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოში, კერძოდ, „ენერგოატომში“. უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობის გამოძიება – ოპერაცია „მიდასი“ 15 თვე გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში დეტექტივების განკარგულებაში საქმის ფიგურანტების საუბრის ათასობით საათის ჩანაწერი აღმოჩნდა. საუბარში რამდენიმე მაღალიჩინოსანი ფიგურირებს. კორუფციული სკანდალის ფონზე გუშინ უმაღლესმა რადამ იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრების გადაყენებას მისცა ხმა.